თუ დარღვევები იქნება, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"უცხოელი ლიდერების შეფასებით წელს გვაქვს ევროპული სტანდარტების არჩევნები. ეს არის ქართული დემოკრატიის და ჩვენი მთავრობის მიღწევა. ეს პოლიტიკა მომდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კურსი განისაზღვრა მის მიერ და ჩვენ შევასრულეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ შევქმენით შტაბი ცესკოსთან ერთად და ვართ მუდმივ კოორდინაციაში მათთან. არავითარი დარღვევები არ იკვეთება, მაგრამ თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას" – განაცხადა ღარიბაშვილმა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ სიტუაციის დაძაბვისა ან რაიმე ესკალაციისაგან თავი შეიკავონ. შს მინისტრი დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული ღირსეული პრეზიდენტი იქნება.
"ჩვენმა ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ მისცა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ ეჭვი შეეტანათ საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო დღე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.





