არჩევნები 2013

ალექსი პეტრიაშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ნათელ მომავალს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ალექსი პეტრიაშვილმა ხმა მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე მისცა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მან ქვეყნის ნათელ მომავალს დაუჭირა მხარი. პეტრიაშვილის თქმით, ახალი პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს და დააჩქარებს.

საქართველო დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ ინტეგრაციის თვალსაზრისით, ვინაიდან საქართველო გააკეთებს არჩევანს მომავალი თაობებისთვის, გააკეთებს არჩევანს ევროპული მომავლისთვის, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის" - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ის საბურთალოს 48-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. 

 

 

კომენტარები