დროებითი საგამოძიებო კომისია

ხიდაშელი: ”ბეზპრედელი”, რაც კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში ხდებოდა, დასრულდება

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა კომისიის სხდომაზე თქვა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას კანონით დაუდგენენ, როგორ განსაზღვროს საკუთარი ბიუჯეტი. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების დაკითხვა დილიდან მიმდინარეობს, ყურადღება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვაზე, მათ შორის, ხელფასების და პრემიების თემაზე გამახვილდა.

კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ბიუჯეტის და შემოსავლების ნახევარი ხელფასებსა და პრემიებზე იხარჯებოდა.

"კომისია ძალიან ბევრ რამეს ვერ აკეთებდა, რისი გაკეთებაც მას კანონით ეკისრებოდა. საუბარია იმაზე, რომ ვერ აკეთებდნენ იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდათ. რეალურად, ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ, რომელიც უნდა გაირკვეს, იხარჯებოდა იმაზე, რისი გაკეთებაც კომისიას კანონით ევალა, თუ ირაკლი ჩიქოვანის პირად ბედნიერებაზე. კომისიას კანონით დავუდგენთ, როგორც განსაზღვროს შემდეგი წლების ბიუჯეტი. "ბეზპრედელი", რაც აქამდე კომისიაში იყო, დასრულდება", - თქვა თინა ხიდაშელმა. 

ამ წუთებში პარლამენტის საგამოძიებო კომისია კომუნიკაციის ეროვნულ კომისიის წარმომადგენლებთან იმ საჩივრებს არკვევს, რომელიც მათი მისამართით მედიაკომპანიებს აქვთ. არაერთმა მედიაკომპანიამ მარეგულირებელი კომისია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. საჩივრები ძირითადად კომპანიების არაგეგმიურ შემოწმებას და მათთვის სანქციების დაკისრებას ეხება.

კომენტარები