თბილისის მერი

უგულავა: ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერობის სასურველ კანდიდატურასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. უგულავას თქმით, ივანიშვილი "პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას".

"არადა, მივდივარო და თქვენ, ხალხმა, გადაწყვიტეთ აწი, ვის სად აირჩევთო. ბატონ პრემიერს უყვარს გამოთქმა "წინა ხელისუფლება სიცრუეში გაცხოვრებდათო". საერთოდ არ მანაღვლებს ვინ "უზის თავში" ბატონ ბიძინას. ფაქტია, რომ დადასტურდა, ის პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას. თქვენზე არ ვღელავ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია", - წერს უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის სასურველი კანდიდატურის დასახელებას აპირებს. ამის შესახებ მან გუშინ ისაუბრა.

"წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც, ჩემი არჩევანი და შეიძლება მანამდე საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები