პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კოალიცია ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ დაიშლება. თუმცა, როგორც ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, გამორიცხული არ არის, კობა დავითაშვილის მსგავსად, კოალიციიდან ერთი-ორი დეპუტატი კიდევ გავიდეს.
"მაგრამ რაც მთავარია, კოალიცია არ დაიშლება. თან, არა მგონია, რომ კოალიციიდან გასვლით ვინმე ბევრს მოიგებს, რადგან საკუთარ პიროვნებას უფრო დააზარალებს, ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ყველას თავისი გადმოსახედი აქვს. კოალიცია ამ მუხტით მივა არჩევნებამდე. რატომ ვამბობ, რომ არ დაიშლება?! მე ვხედავ სიტუაციას. მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ახალი არჩევნების შემდეგ, კოალიცია შეიძლება დაიშალოს და ძალიან კარგიც იქნება, თუ დაიშლება. მეორე არჩევნებში თუ მოვიდნენ კოალიციით, იდეალური იქნება და იმის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება, რამე სხვა ძალამაც ივაჟკაცოს", - განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან ბევრი ეფექტიანი ვერ არის.
"მაგრამ საერთო ჯამში პარლამენტში წარმატებული გუნდი გვყავს. უმრავლესობაში ძალიან ბევრი ეფექტური ვერ არის. მსახიობი რომ ვახსენე, ბევრი განაწყენდა, მსახიობები ძალიან მიყვარს, სოსოც ძალიან მიყვარს და სხვებიც, მაგრამ საპარლამენტო მუშაობას თავისი გამოცდილება უნდა. სოსო ჯაჭვლიანიც და სხვებიც ცდილობენ მაქსიმალურად და მომავალში კიდევ უფრო ეფექტურები იქნებიან", - ამბობს პრემიერი.





