თავდაცვის სამინისტროს პროტეზირების პროგრამა

თავდაცვის სამინისტრო პროტეზირების პროგრამას იწყებს

ირაკლი ალასანია
www.facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ, ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში მიიღო მონაწილეობა. 

"გვქონდა სროლები ჩვენს მეომრებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა საომარ მოქმედებაში - ავღანეთში, ერაყში, 2008 წელს დაიჭრნენ და ამპუტირებული აქვთ კიდურები. სამხედროები ძალიან ზუსტად ისვრიან. მათ იოტისოდენადაც არ განელებიათ პროფესიული თვისებები. დაჭრილი მეომრებისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით. ამ პროგრამის მიხედვით, უახლოეს პერიოდში მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგზავნით, სადაც კიდურების აღდგენის კუთხით ყველაზე კვალიფიციურ, ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამას ამერიკულ კლინიკაში ქართული მხარის ორგანიზებით გაივლიან. მათ მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს. პირველ ეტაპზე ამერიკულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს 8 ქართველი მებრძოლი გაივლის. სამინისტროში აცხადებენ, რომ პროტეზირების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბოლო ოცი წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებულ სამხედროებზეც გავრცელდება.

კომენტარები