2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: არჩევნებში ხმების 70-75%-ს მივიღებ

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ვვარაუდობ, რომ არჩევნებში ხმების 70-75%-ს მივიღებ, - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - არა. თუ ასე ძალიან ვცდებით შეფასებებში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება და გვგონია, რომ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას, მაშინ ასევე არასწორად დაგვიგეგმავს რეფორმები და ქვეყნის განვითარება. თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. 

ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს ურჩია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგვიანებით ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე დაადასტურა, რომ მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.

კომენტარები