პატიმრების შეწყალება

შეწყალების კომისია 400 პატიმრის საქმეს იხილავს

Reuters

პრეზიდენტი ადმინისტრაციაში შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც  400 პატიმრის საქმეს განიხილავს. მათ შორის 40 ქალი და შვიდი არასრუწლოვანია.

როგორც სხდომის დაწყებამდე  კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განაცხადა,  მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა შეწყალებაზეც დღეს შეწყალობის სახელმწიფო კომისია იმსჯელებს, პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან. თევდორაძის თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ ციხის ამ თანამშრომლებს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ და კომისიასაც მიმართეს. ამასთან, როგორც თევდორაძემ აღნიშნა, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ კომისია შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას არ მისცემს. 

"თითქმის ოცი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამდენი მძიმე საქმე ერთად შემოსული არ მინახავს", - განაცხადა თევდორაძემ და აღნშნა, რომ კომისია ყველა განაცხადს განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პატიმრის თხოვნა გათვალისწინებული იქნება. 

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ყველა საქმე ინდივიდუალურად იქნება განხილული და რეკომენდაციაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლების შეწყალების საქმეს, ნანუაშვილის თქმით, წამება საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ის მიიჩნევს, რომ მათ სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ. 

შეწყალების კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი გოდაბრელიძე აცხადებს, რომ კომისიის მიზანია, შეწყალებული იყვნენ ისეთი პირები, რომელთა გათავისუფლებაც ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობას არ გააუარესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. 

შეწყალებული პატიმრების სია დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ეს იქნება ბოლო შეწყალება, რომელზეც რეკომენდაციებს არსებული კომისია გასცემს და მიხეილ სააკაშვილი დაამტკიცებს. შეწყალებული მსჯავრდებულები საპყრობილეებს 25 ოქტომბრამდე ეტაპობრივად დატოვებენ.

კომენტარები