პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ნაციონალების დეპუტატების ცოდნა იქნებ პოზიტიურად გამოვიყენოთ?

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, უმცირესობის დეპუტატების ცოდნის პოზიტიურად გამოყენება შეიძლება. პრემიერს რადიოსა და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ჰკითხეს, რამდენად ლეგიტიმური იქნება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნა, თუ მათი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში დაბალ შედეგს აჩვენებს. ივანიშვილის თქმით, კითხვა სწორი და ლეგიტიმურია, თუმცა, სჯობს თუ საზოგადოება აღარ შეეხება ამ საკითხს. მისი შეფასებით, პარლამენტში არაფერი პრინციპული აღარ ხდება და უმრავლესობას ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ყველა კანონპროექტის მიღება შეუძლია.

"ჩვენებიდანაც ბევრი არ არის ანგელოზი. ანგელოზები იმ მხრივ, რომ ბევრს არ აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. ნაციონალების მხრიდან ბევრი ჭარბობს ჩვენებს ამ ცოდნით და იქნებ გამოვიყენოთ ესეც პოზიტიურად?" - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

"არ არის სასურველი. ეს არ იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო. ახალი ფორიაქი წავა, ახალი ენერგია დაიხარჯება. ჩვენ რომ ყველაფერ ძველზე დავიწყოთ რევიზია და ყველაფერი გადავაფასოთ, უკან დავრჩებით. უფრო საინტერესოა, წინსვლა იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე.

კომენტარები