ოლეგ მელნიკოვის საქმე

ოლეგ მელინკოვის ადვოკატი ბრალდების დადგენილების გაუქმებას ითხოვს

timer.ge

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის და მასთან ერთად ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პოლიციელის ცემის ფაქტზე გერონტი ალანიას, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და სოსო თოფურიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო. პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი ესწრებოდა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა ჩამოთვალეს. დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებათა დიდი ნაწილი პროკურატურამ უკანონო გზით მოიპოვა. ამიტომაც, ისინი მოითხოვენ, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებლად ცნოს.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკანონოდ წაუყენეს, რადგან ეს პროცედურა კანონით გათვალისწინებულ ვადაში - 24 საათში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ითხოვს ბრალდების დადგენილების გაუქმებას. ველიჯანაშვილის განცხადებით, თუ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ადვოკატი მოითხოვს მელნიკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას. 

პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი კი, დაცვის მხარის ბრალდებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდებას გააჩნია, კანონიერი გზით არის მოპოვებული. ამასთან, პროკურორი გამოეხმაურა ოლეგ მელნიკოვის დღევანდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ პროკურატურა ამ ყველაფერს შეფასებას მისცემს.

ცნობისთვის, ოლეგ მელნიკოვმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ უკრაინაში პატიმრობის პერიოდში მას აწამებდნენ და ემუქრებოდნენ. 

შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაუყენეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

ოლეგ მელნიკოვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 21 სექტემბერს მოხდა.

კომენტარები