ეროვნული უშიშროების საბჭო

ბოკერია: პრემიერს უშიშროების საბჭო რაღაც ცალკე მდგომი ჰგონია

გიგა ბოკერია
tabula.ge

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო "რაღაც ცალკე მდგომი" სტრუქტურაა და ის მიხეილ სააკაშვილს ან თავად საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ეკუთვნის.

"არადა, უშიშროების საბჭოს 90% არის მთავრობა" - თქვა ბოკერიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრებს ერთმანეთთან კოორდინაციის პრობლემა აქვთ. ამის თვალსაჩინო მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანმა ე.წ ჯიჰადის ვიდეოს საქმე დაასახელა. გიგა ბოკერიას განცხადებით, უშიშროების საბჭო სწორედ კოორდინაციისთვის არის შექმნილი. მისი თქმით, საჭიროა, საბჭომ მუშაობა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გააგრძელოს.  ბოკერიას განმარტებით, ახლა, როცა ხელისუფლებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალა წარმოადგენს, უშიშროების საბჭო იკრიბება კრიზისულ ვითარებაში, განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს და ხდება კოორდინირება. თუმცა, ბოკერიას თქმით, თუ 27 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, საბჭოს ფორმატი ასეთივე უნდა დარჩეს.

"იმის მიუხედავად, რომელი გუნდის წევრები იქნებიან ქვეყნის სათავეში. ეს არის ნორმალური პროცედურა. თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს და დასრულდება კოჰაბიტაცია, მაშინ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარომადგენლები უნდა შეიკრიბონ. ასევე, ძირითად ოპოზიციურ ძალასთანაც უნდა ჰქონდეთ კონსულტაციები. შეიძლება უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში, შეიძლება გარეთ" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რამდენჯერმე მიიწვიეს ოპოზიციის წარმომადგენლები. 

 

კომენტარები