ეროვნული უშიშროების საბჭო

მარგველაშვილი: სასწრაფოდ შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს, ვინაიდან ასეთი სტრუქტურის გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება. 

"წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო. არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ ინტენსიურად ის დაპირება, რომელიც იქნა მიცემული, რომ უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს ახალი სტრუქტურა, იქნას აღსრულებული და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, "სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად". 

ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი, ის აღარ იარსებებს. კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს დაამტკიცა, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ის "კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯეა, რომელიც უნდა გამოსწორდეს", რომ საბჭო "არაფერს აკეთებს ჰიბრიდული უსაფრთხოების კუთხით და მისი გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს". 

კომენტარები