საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია

ლიტვის სეიმის სპიკერი: საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ გააკეთა

ლიტვის სეიმის სპიკერის ლორეტა გრაუჟინენეს განცხადებით, მას არასდროს ეპარებოდა ეჭვი საქართველოს ევროპულ არჩევანში. როგორც გრაუჟინენემ თბილისში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ გააკეთა.

"ბუნებრივია, რომ საქართველო ბევრს ელის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების სამიტის შედეგებიდან, რომელიც ნოემბერში, ვილნიუსში გაიმართება. ლიტველებსაც დიდი მოლოდინი გვაქვს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის მიგვაჩნდა ლიტვის ნამდვილ ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ ლიტვასა და ევროკავშირს სურთ აღმოსავლეთ ევროპის მეზობლები იხილონ უსაფრთხო, თანამედროვე და დასავლეთ სახელმწიფოთა რიგებში", - განაცხადა ლორეტა გრაუჟინენემ სიტყვით გამოსვლისას. ლიტვის სეიმის სპიკერმა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის გზაზე მოთმინება, სიძლიერე და წარმატებები უსურვა.

"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს საქართველოში. თქვენ, საქართველოს პოლიტიკოსებს გიყურებთ ქართული საზოგადოება, რომელიც ელის თქვენს მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას. გისურვებთ ყოვლისმომცველ, გონივრულ და ისეთ დისკუსიას, რომელიც მოიცავს არა მარტო წარსულს, არამედ მომავალსაც", - აღნიშნა ლორეტა გრაუჟინენემ. 

"ვილნიუსის სამიტის წინ - საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში" ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა. კონფერენციას ლიტვის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინენე, ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტარები ესწრებიან.

ღონისძებაზე მიწვეულები არიან ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ ქვეყანაში ევროინტგრაციის პროცესის შესახებ. მონაწილეები ისაუბრებენ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზეც. 

 

კომენტარები