საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია

უსუფაშვილი: ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი რთული იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქორთიარდ მარიოტში დღევანდელ კონფერენციაზე თქვა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი რთული იქნება. მისი თქმით, ის დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც ამ გზაზე დაეხმარებიან.

"ჩვენ გვყავდნენ სტუმრები და ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. კონფერენციას ესწრებოდა ლიტვის სეიმის დელეგაცია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი, რადგან ისინი არიან არა მარტო კოლეგები, არამედ ისინი არიან ევროპარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლები. გაგვიმართლა, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოხდა მათი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ჰყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან, რომ ამ გზაზე დახმარება გაგვიწიონ. ამასთან, ჩვენ შეგვახსენეს დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა, რომლებიც დღევანდელ კონფერენციას ესწრებოდნენ, რომ მათ არც ბალტიის წევრების ქვეყნები წარმოედგინათ ევროკავშირში და გვითხრეს, რომ ეს იყო გაცილებით რთული, ვიდრე ახლა არის საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ეს პროცესი იქნება რა თქმა უნდა რთული, განსაკუთრებით ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის და საქართველოს იმ პრობლემების გამო, რომელიც კიდევ ცალკე საკითხია და რომელზეც არაერთი მსჯელობა გვექნება და ეს ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას და მთლიანობას", - თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ მხარეს ბევრი რჩევა მისცეს.

"სტუმრებმა კარგი დარიგებები და რჩევა მოგვცეს. მათ, პარლამენტის წარმომადგენლებმა გაგვახსენეს, თუ რა სერიოზული სამუშაოები გვაქვს გასავლელი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე ევროპული ინტეგრაციის ეს მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რამდენი საქმე აქვს გასაკეთებელი ყველა ორგანოს, მათ შორის პარლამენტს. ეს საქმე გასაკეთებელია არა ევროპელობისთვის, არამედ ჩვენთვის, რათა მოვახერხოთ ყველა იმ საკითხთან ზიარება, რაც დღეს ევროპის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ლიტვის სეიმის თავმჯდომარის, ლორეტა გრაუჟინინიეს თქმით კი, დღევანდელ კონფერენციაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას და შიდა და საგარეო პოლიტიკას ეხება.

"ჩვენ ვნახეთ საერთო პრინციპები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ საპარლამენტო დემოკრატიული სახელმწიფო, გააძლიეროთ კონსტიტუცია, რომელიც მოემსახურება ხალხს. დემოკრატია გვინდა ისე გაძლიერდეს, რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ჩვენ ვფიქრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ვილნიუსის სამიტზე", - აღნიშნა ლორეტა გრაუჟინინიემ.

"ვილნიუსის სამიტის წინ - საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში" ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.

კომენტარები