საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია

ლიტვის სეიმის სპიკერი: საქართველოში პოლიტიკური თანხმობა შესაძლებელია

დღეს ქორთიარდ მარიოტში ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ლორეტა გრაუჟინიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური თანხმობა შესაძლებელია და ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტს შეატყობინებს.

"დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ჩავუტან ახალ ამბავს პრეზიდენტს. ის ძალიან ნერვიულობს და თვალს ადევნებს პროცესებს საქართველოში. თუ არის არჩეული კურსი, ამ კურსს არ უნდა გადაუხვიოთ. თუ თქვენ გექნებათ ორი პოლიტიკური მიზანი, თუ ერთს მიყვებით და მეორეს ჩუმად იტყვით, ეს კარგი არ იქნება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ ამ კურსს არ გადაუხვიოს", - თქვა ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ.

ლორეტა გრაუჟინიენეს თქმით, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან შეთანხმება მოახერხონ.

"ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ შეთანხმება არის პოლიტიკური კომპრომისი და ამისთვის გზა უნდა გამონახონ, ამისთვის არიან ისინი პოლიტიკოსები, ვალდებულები არიან გამონახონ კომპრომისი საკუთარი ქვეყნისა და შვილების მომავლისთვის. მათ გვერდზე უნდა გადადონ ამბიცია, რათა შვილებს დაუტოვონ უკეთესი მომავალი. ბევრი ვილაპარაკე პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯრომარესთან და მე ვხედავ, რომ პოლიტიკური თანხმობის შესაძლებლობა საქართველოში არის", - თქვა ლიტვის სეიმის თავმჯრომარემ.

ლორეტა გრაუჟინიენე იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტამდე მოსამზადებელი პროცესი კარგად წარიმართება. მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში, რაც საქართველოს აქვს.

"ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ქვეყნისთვის აუცილებელია. ეს კონსენსუსი ლიტვაში არის. ჩვენ შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს და ვფიქრობთ, რომ ეს კონსენსუსი არის საქართველოში. ეს კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროინტერაციის პროცესში", - თქვა ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ.

"ვილნიუსის სამიტის წინ - საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში" ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.

 

კომენტარები