სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ ვაღიარებთ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

17 სექტემბერს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა. საქმე ეხება სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სააკრედიტაციო ფორმაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუბიექტებად შეყვანას. ის, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ელექტრონულ ბაზაში განთავსებულ ტელემედიის სარეგისტრაციო ფორმაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად იყო მოხსენიებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა აკრედიტაციის შევსებისას აღმოაჩინა. სწორედ მათ აცნობეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ამ ფაქტის შესახებ. 30 სექტემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან თბილისში საპასუხო წერილი მოვიდა.

"ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, სოკ-ის ქარტიის თანახმად, სპორტსმენი წარდგენილი უნდა იყოს მისი შესაბამისი ეოკ-ის მიერ.

ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, სოკ-ი არ აღიარებს არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს.

სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ.

სოკ-ის პროტოკოლი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ტერიტორიების შემადგენლობა სოკ-ის აღიარების მიხედვით მკაცრად უნდა იყოს დაცული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ, ყველა მათ მიერ განხორციელებულ თამაშებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მათ შორის და არა მარტო სააკრედიტაციო სისტემის გათვალისწინებით", - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მოსულ წერილში, რომელსაც ხელს ეოკ-ებთან ურთიერთობის დირექტორი პერე მირო აწერს.

თუ როდის მოხდება სოჭის ოლიმპიური თამაშებზე მედიისთვის განკუთვნილი აკრედიტაციის ბაზიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ამოღება, ამის შესახებ წერილში საუბარი არ არის.

კომენტარები