საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რატიანი: დეპუტატი გამოცდების გარეშე კონსერვატორიაში პირის ჩარიცხვას ითხოვდა

facebook.com/sergo.ratiani

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის ცნობით, მას ხელთ აქვს საბუთი, სადაც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ნეპოტიზმზე უარს ეუბნება. კერძოდ, კიღურაძე მინისტრს სთხოვს, პიანისტი ირმა გიგანი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხოს. 

როგორც დეპუტატმა სერგო რატიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, კიღურაძის სახელზე მიწერილი სანიკიძის საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ მინისტრი დეპუტატს სთხოვს, ირმა გიგანი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩარიცხოს, რადგან მან 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ სხვა საგნებში აქვს უმაღლესი შეფასება.

რატიანის თქმით, მინისტრი წერილში, რომელიც აგვისტოს თვით თარიღდება, დეპუტატს უხსნის, რომ სამინისტროს მიერ აღნიშნული გამონაკლისის დაშვება წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, რომელიც არის "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მისივე ცნობით, ანალოგიური წერილი მაია მიმინოშვილის სახელზეც გაიგზავნა, რომელიც ასევე ამბობს, რომ გამონაკლისს ვერ დაუშვებს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოამზადა ცვლილება, რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები" უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. კანონპროექტის თანახმად, ასეთივე სარგებელს მიიღებენ ისინი, ვინც "საერთაშორისო ოლიმპიადაში" გაიმარჯვა.

კომენტარები