უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები

სასკოლო სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალა გამოქვეყნდა

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებები გააკეთა. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალა შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსპერტების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მონაწილეობით. მისივე თქმით, შკალა მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც დაიხვეწა, ვინც შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში არ მონაწილეობდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები პირდაპირ წიგნში იწერება, აღარ იქნება. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებს. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს ლია გიგაურის განმარტებით, მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს.

მისივე თქმით, შეფასების შკალა მშობელსა და სკოლას გაუგებრობისგან იცავს და შემოწმება მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემამდე ხდება. სახელმძღვანელოს პრობლემა მოინიშნება და თუ ის გამოუსადეგარი იქნება, მოსწავლეს არ გადაეცემა და გამომცემელს უკან დაუბრუნდება. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს შეფასება ყოველწლიურად მოხდება.

"თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმიტომ, რომ მოსწავლემ ის განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ ის გარკვეულწილად დაზიანდა, ასეთ შემთხვევაში იგი ამოღებული იქნება ხმარებიდან და სკოლის მიერ ჩამოიწერება. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რაც სახელმძღვანელოში გაჩნდა თუნდაც ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება მოსწავლეს, მშობელს ან მეურვეს, დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო გადაეცა მესამე პირს, განზრახ იქნა დაზიანებული ან არამიზნობრივად იყო გამოყენებული", – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით, გამცემი ორგანო "ობიექტურ გარემოებებსაც" გაითვალისწინებს. გიგაურის თქმით, ეს არის არა სადამსჯელო, არამედ დაცვისა და სიფრთხილის ღონისძიება.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ლია გიგაურის ინფორმაციით, ბაზარზე გაიყიდება.

სახელმძღვანელოებს სკოლის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირები, სავარაუდოდ ბიბლიოთეკარები ან სპეციალურად ამ მიზნით აყვანილი პერსონალი შეამოწმებს.

"საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასებას ეხება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა − 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულა.

ამ ინფორმაციით და მასთან დაკავშირებული საკითხებით მშობლები დაინტერესდნენ და განათლების სამინისტროშიც განმარტებები გაკეთდა.

კომენტარები