ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

თარგამაძე: იმედის დახურვაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ იმედის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. თარგამაძის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ძველი იმედის ვანდალურ დარბევასა და დახურვაზე ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. 

"პრეზიდენტის უნამუსობას საზღვარი არ აქვს და, ზოგადად, ამ ადამიანის მორალურ-ზნეობრივი ხარისხის შეფასების სურვილი არ გამაჩნია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ტელეკომპანია იმედში 2007 წლის ნოემბერში განხორციელდა სამხედრო ოპერაცია, ეს იყო პოლიტიკური ტერორი სააკაშვილის და ნაციონალიური მოძრაობის ბანდის მეთაურობით, რომლის შედეგადაც ტელეკომპანია იმედი არა მხოლოდ დაიხურა, არამედ დარბეული იქნა. ტელეკომპანიის თანამშრომლები ამ უკანონო ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზარალდნენ", - განაცხადა თარგამაძემ. 

მისივე თქმით, იმაში, რომ სააკაშვილი დღეს ბედავს და მედიის ინტერესების დამცველად გამოდის, დიდი წვლილი მიუძღვის ახალ ხელისუფლებას.

"ამა წლის თებერვლიდან ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოძიებული იქნას 7 ნოემბრის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანიასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა. ეს რომ დროულად მომხდარიყო და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულიყო, პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეკამერებთან იმედის და ტელევიზიების დამცველად კი არ იყელყელავებდა, არამედ, დიდი ხანია საბრალდებო სკამზე იჯდებოდა", - აღნიშნა თარგამაძემ. 
მისივე განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს დაწყებული ოპერაცია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ტელეკომპანიის თანამშრომელბზე, რამაც არხის დახურვა გამოიწვია. 

გიორგი თარგამაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 
"იმედი ვინ დახურა, ხომ არ გახსოვთ? ჩვენ რომ დავხურეთ, მერე გავხსენით, სახელი და გვარი, ვინც იმედი დახურა, არის გიორგი თარგამაძე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები