ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

რუსი დიაკონი ანდრეი კურაევი ეპისკოპატს მოუწოდებს აფხაზებს ხელი დაასხან

დიაკონი ანდრეი კურაევი
news.mail.ru

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი და მისიონერი ანდრეი კურაევი, თავის ბლოგზე აფხაზეთის ქართულ ეპარქიასთან დაკავშირებით წერს. კურაევის თქმით, მართალია, საეკლესიო კანონმდებლობით იქ არ უნდა შევიდეს რუსი ეპისკოპოსი, რადგან ტერიტორია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია, მაგრამ რადგან იქ ქართველებსაც არ უშვებენ, საეკლესიო კანონების დარღვევა შესაძლებელია.

"თუნდაც ამის გამო იერარქი დაისაჯოს, ჩამოერთვას ეპარქია, გაირიცხოს და შესაძლოა მღვდელმოქმედებაც აეკრძალოს, ეს უშველის მთელს ერს", - წერს კურაევი.

კურაევი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს სემინარიისა და აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორია და მოსკოვის ეკლესიის ცნობილ რუპორს წარმოადგენს, რევოლუციამდელ რუს კანონისტს ციტირებს:

"საეკლესიო კანონები უკრძალავენ ეპისკოპოსს, მივიდეს იმ ქალაქში, რომელიც მას არ ემორჩილება და აღასრულოს იქ ხელდასხმა. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ძველად თვლიდნენ შესაძლებლად, გადასულიყვნენ კანონის მოთხოვნისგან განსაკუთრებულ შემთხვევებში", - მოჰყავს ციტატა კურაევს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დამოუკიდებლობის მოპოვების წლებიდან საქართველოს ეკლესია იურისდიქციას ვერ ახორციელებს. რუსეთის საპატრიარქო კი ამ ტერიტორიაზე არაოფიციალურად გზავნის საკუთარ სემინარიებსა და აკადემიებში ნაკურთხ მღვდლებს, თუმცა ფორმალურად, ამ ტერიტორიაზე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის იურისდიქციას აღიარებს.

კომენტარები