წინასაარჩევნო კამპანია 2013

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების ეპოქა უნდა დასრულდეს

გიორგი მარგველაშვილი

ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრობისას, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ექსპერიმენტების ეპოქას წერტილი დაესვა. მისი თქმით, "მე ამისგან გავაკეთებ სინგაპურს" - ექსპერიმენტები აღარ განმეორდება.

"ჩვენ ახლა რა რეჟიმში ვცხოვრობთ - 20 წელიწადია, მუდმივად, არ ვიცით რა ექსპერიმენტს ჩაატარებენ ჩვენზე. ვიღაცა რომელიღაცა კაბინეტში მოვა და ფიქრობს: ახლა მე ამისგან გავაკეთებ... "არაჩვეულებრივ გამოფენაში" რომ არის, და უყურებს ამ საქართველოს. ალბათ უყურებს რუკას და მე ამისგან გავაკეთებ, ხან სინგაპური მოუვა თავში, ხან ბანგლადეში მოუვა თავში. ჩვენ ხომ ვიღვიძებდით დილით და არ იცოდი რას ფიქრობს ის ზევით, რომ შენგან რას გააკეთებს, ხან იმას გააკეთებდნენ რომ უნდათ გასწავლიდნენ, რომ არაფრის დიდებით ავტობუსში არ დაუთმო ადგილი, იბნევი ეს ადამიანი, ხომ? პირველ რიგში, ის გაიგე, რომ ამ ქართველმა რაღაცნაირად შეძლო, ამდენი საუკუნე თავისი თავისგან გააკეთა ქართველი, თავისი თავისგან გააკეთა "ვეფხისტყაოსანიც", "მრავალჟამიერიც" და ფიროსმანიც, ამან თვითონ გააკეთა; უშლიდნენ, ხან თავს ჭრიდნენ, ხან მონად მიჰყავდათ, მაინც ახერხებდა, რომ გალაკტიონი ჰყოლოდა. შენ რა უნდა გააკეთო ამ ქართველისგან, მიუშვი და თვითონ გააკეთებს თავის თავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრობისას.

პრემიერმა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, EUobserver-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის ტიპურ ევროპულ საზოგადოებად გარდაქმნა და დუბაის ტიპის ეკონომიკა სურს.

"ეს ჩემი ოცნებაა და მისი განხორციელება შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად განვითარდება. ამის თქმა ხმამაღლა არ მსურს, რადგანაც, შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ღრმად მწამს და მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები