მთავარი პროკურატურა

რუსთავში თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

რუსთავში ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, რუსთავის რაიონული პროკურატურისა და შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები: ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი დააკავეს. თაღლითური ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით, ქალაქ რუსთავში ეუფლებოდნენ დროებით უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბინებს და ასხვისებდნენ მათ. აღნიშნული ქმედებით ისინი ბინების კანონიერ მესაკუთრეებს ათობით ათასი ლარით აზარალებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები  2012 წლის დეკემბერიდან  2013 წლის ივნისამდე თაღლითური გზით დაეუფლნენ სამი მოქალაქის ბინას, რომლებსაც 40.000, 41.250  და 57.750 ლარის ზიანი მიაყენეს. ისინი ასევე ცდილობდნენ დროებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მოქალაქის ბინის დაუფლებას, რითაც ბინის მეპატრონეს  48.000 ლარის ზიანი მიადგებოდა.
ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ზემოქმედებას ახდენდნენ მოქალაქეებზე, რათა მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცათ.
2013 წლის 3 აგვისტოს, ოთხივე დაკავებულს თაღლითობისთვის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის და მოწმეთა მოსყიდვისთვის წარედგინათ ბრალი, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად მათ პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილ სხვა მსგავს ფაქტებთან და მათ სხვა თანამონაწილეებთან დაკავშირებით გამოძიება ფლობს ინფორმაციას, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები