ახალაიას საქმე

წულუკიანი: დღეს სასამართლო პროკურორებისგან სრულიად თავისუფალია

თეა წულუკიანი

"დღეს ამ განაჩენით დადასტურდა ერთი მარტივი რამ, რომ სასამართლო პროკურორებისგან სრულიად თავისუფალია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ გამამართლებელ განაჩენზე, რომელითაც ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ სამხედროებს არაადამიანურ მოპყრობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალი არ დაუდასტურდათ.

"პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თქვენ იცით, რომ სასამართლოში არსებობენ პირველ ინსტანციაზე ზემდგომი მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ უფრო მეტი კომპეტენცია აქვთ და უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ, წესით. პროკურატურა გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიებით მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ. პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით მეორე ინსტანციაში კიდევ უფრო მეტი შემართებით და სერიოზულობით დაუჭერს ბრალდებას მხარს. ამას დაემატება ისიც, რომ სავარაუდოდ სააპელაციო მოსამართლე გაცილებით უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პირველი ინსტანციის. ვიმეორებ, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ის უარყოფითი რეაქცია, რაც საზოგადოებას და, შეიძლება, მათ შორის მეც მქონდეს, გაუგებრობის განცდა განაჩენისადმი, ამას ნუ ავყვებით, იმიტომ რომ პროცესი გრძელდება", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადად წაუყენა ბრალი გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს გიგი კალანდაძეს, რომელიც დღეს სასამართლომ გაამართლა. 11 ივლისს წულუკიანმა გიგი კალანდაძის დაკავების კომენტირებისას განაცხადა:

"მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე".

კომენტარები