ახალაიას საქმე

სასამართლო: ახალაიას დამნაშავედ ცნობისთვის მტკიცებულებები საკმარისი არ იყო

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ბრალდებულები მამუკა აბაშიძე, დავით ჩუბინიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე და დავით ვეკუა შს იმჟამინდელი მინისტრის დავალებით, იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, ახორციელებდნენ სპეცრაზმელების წამებას, დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.  

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის და 63 ბრალდების მოწმე, აქედან 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული.

მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემა 14 დღის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში".

კომენტარები