საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძე: დიპლომატიური კორპუსი ზუგდიდის ინციდენტის გამო შეშფოთებულია

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებულები არიან. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს დიპლომატიური კორპუსისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა იყო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა. ჩვენი მეგობრები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო, რადგან ძალადობა დაუშვებელია და იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალადობრივ ფონზე, ეს ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დააყენებს არჩევნების თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში წარმართვა ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო ამოცანა უნდა იყოს.

"იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ნაბიჯებით და კონკრეტული მოქმედებებით დაადასტურებს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფლად. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ამოცანა. ჩვენ, როგორც ოპოზიცია, დაინტერესებული ვართ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს ნორმალურ გარემოში და თუ ხელისუფლება ამისკენ ნაბიჯებს გადადგამს და აღკვეთს ძალადობას, ჩვენ მართლაც გვექნება შანსი, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები და ამით მოიგოს საქართველოს მომავალმა", - აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები