საპარლამენტო უმცირესობა

გოცირიძე: საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ოპოზიციისთვის სერიოზული ბერკეტია

ტაბულა

ენმ-ის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ევროპული საქართველოსა და ენმ-ის საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში გაერთიანების შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა და ამ საკითხზე ჯერ პარტიაშიც არ უმსჯელიათ. გოცირიძე ამბობს, რომ ამ სტატუსის დაკარგვა პარლამენტში ოპოზიციის აქტივობას შეასუსტებს. 

"საპარლამენტო უმცირესობა არის სერიოზული ბერკეტი ოპოზიციისთვის, დროის გამოყენების კუთხით, წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამ ფუნქციის დაკარგვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს ოპოზიციის აქტივობას პარლამენტში და ეს არის ცუდი. რაც შეეხება რა მოხდება თუ დაიშლება უმცირესობა, ვიმსჯელებთ როგორც ფრაქციაში ასევე პარლამენტში, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არც კონსულტაციები გვქონია ევროპულ საქრთველოსთან და არც პარტიაში გვიმსჯელია," - ამბობს გოცირიძე. 

ქართული ოცნების 115 დეპუტატიდან ოთხმა უმრავლესობა უკვე დატოვა, თუ კიდევ სამი დეპუტატი ოპოზიციაში გადავა, მაშინ ევროპული საქართველო, რომელსაც პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს დაკარგავს. 

ამ დროისათვის ქართულ ოცნებას 111 დეპუტატი ჰყავს, 20 ევროპულ საქართელოს, ენმ-ს 6, 5 - პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამ დეპუტატებისა, უმრავლესობის მიღმა არიან შემდეგი დეპუტატები, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ნატო ჩხეიძე, დავით ჭიჭინაძე. პარლამენტში სულ ამ დროისათვის 149 დეპუტატია, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის მაჟორიტარის ადგილი საკანონმდებლო ორგანოში თავისუფალია. 

საპარლამენტო უმცირესობა იქმნება ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით, ამ დროისათვის ოპოზიციაში, ევროპული საქართველოს 20 დეპუტატის გარდა, კიდევ 18 პარლამენტარია, თუ სამი ადამიანი კიდევ გადავა უმრავლესობიდან ოპოზიციაში, ევროპული საქართველოს უმცირესობის სტატუსს დაკარგავს. 

კომენტარები