მკვლელობა

შსს მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

ecofact.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს 7-7.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სამინისტრო განცხადებაში სავარაუდო მკვლელსაც აღწერს. "მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180-185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს. ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში.

16 წლის გოგონას ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და ზურგზე ქვა ჰქონდა დადებული. ადგილიდან დაკარგულია გარდაცვლილის ველოსიპედი, მობილური ტელეფონი iPhone 5 და ჩანაწერების წიგნაკი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები