„ტრეივონ მარტინის ადგილზე შეიძლება 35 წლის წინ მე აღმოვჩენილიყავი" - თქვა ობამამ 19 ივლისს ბრიფინგზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეეცადა, პირადი გამოცდილების საფუძველზე აეხსნა, თუ როგორ აღიქვამს ქვეყნის აფროამერიკელი მოსახლეობა 17 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელობას.
„როდესაც ტრეივონ მარტინს ესროლეს, მე ვთქვი, რომ ეს შეიძლება ჩემი შვილი ყოფილიყო. სხვაგვარად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეიძლება მე ვყოფილიყავი 35 წლის წინ. როდესაც ვფიქრობთ, თუ რატომაა ეს ამბავი ასეთი მტკივნეული სულ მცირე აფროამერიკებისთვის, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ისინი ამ საკითხს იმ ისტორიისა და გამოცდილების თვალით ხედავენ, რომელიც არ გამქრალა. ამ ქვეყანაში ძალზედ ცოტა აფროამერიკელია, რომელსაც საყიდლებზე სიარულისას თან არ დაყვებოდნენ. ასეთი გამოცდილება მაქვს მეც. ძალზედ ცოტაა ისეთი აფროამერიკელი, რომელსაც ქუჩაზე გადასვლისას მანქანების კარების ჩაკეტვის ხმა არ გაუგონია. ეს მეც მომსვლია, მანამდე მაინც, სანამ სენატორი გავხდებოდი. ძალზედ ცოტაა ისეთი, ვინც ლიფტში შესულა და იქ მყოფ ქალს ჩანთა ნერვულად არ ჩაუბღუჯია და ლიფტიდან მის გასვლამდე სუნთქვა არ შეკვრია. ეს ხშირად ხდება. არ მინდა, გავაზვიადო, მაგრამ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, თუ როგორ აღიქვამს აფროამერიკული ჯგუფი ფლორიდაში მომხდარს," - თქვა ობამამ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანონმდებლობაზე და მის შესაძლო გადახედვაზეც ისაუბრა:
„მეორეს მხრივ, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვგზავნით მესიჯს, რომ შეიარაღებულ ადამიანს უფლება აქვს, ისროლოს, მაშინაც კი, თუ მდგომარეობიდან გამოსვლის გზა არსებობს, შეუწყობს კი ეს ხელს ისეთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და წესრიგს, რომლის ხილვაც ჩვენ გვსურს? ადამიანებს, ვინც თავის დაცვის ასეთ კანონებზე ფიქრის დაწყებას ეწინააღმდეგება, ვთხოვ გაითვალისწინონ: ტრეივონ მარტინი რომ სრულწლოვანი და შეიარაღებული ყოფილიყო, შეეძლო მას თავი დაეცვა? და მართლაც გვგონია, რომ მას გაამართლებდნენ, ბატონი ციმერმანისთვის რომ ესროლა, რომელიც მანქანაში შეყვა, იმიტომ რომ საფრთხე იგრძნო? თუ პასუხი ამ კითხვაზე თუნდაც ბუნდოვანია, ვფიქრობ, შეგვიძლია ამ ტიპის კანონების გადახედვა გვინდოდეს." - აღნიშნა ობამამ.
სამოქალაქო პატრულის წევრი, ჯორჯ ციმერმანი, რომელმაც 2012 წელს ფლორიდაში შეუიარაღებელი 17 წლის აფროამერიკელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, გასულ კვირაში სასამართლომ გაამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აფროამერიკელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დანაშაული რასობრივი სიძულვილით იყო მოტივირებული. თავის მხრივ, ციმერმანი ამბობს, რომ მოზარდს მას შემდეგ ესროლა, რაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა.





