შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, გონივრული ეჭვის საფუძველზე პირის გაჩერების საპოლიციო ღონისძიება, შესაძლოა, მისი გამოკითხვის ღონისძიებით შეიცვალოს - რაც გულისხმობს კანონში იმ მიზეზების ჩამონათვალის განსაზღვრას, თუ რისთვის და რატომ შეიძლება გამოკითხოს პოლიციელმა მოქალაქე. მაგალითად, პირი შეიძლება პოლიციამ გამოკითხოს, თუ მას აქვს იარაღი, ასევე თუ ის იმყოფება საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონის არსებული ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელმა არ იცის, თუ რა კონკრეტულ საფუძველზე აჩერებს პირს.
"არავინ იცოდა, რას ემყარებოდა "გონივრული ეჭვი". ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრინციპის - განსაზღვრულობის პრინციპის წინააღმდეგ, რაც თვითნებური მოქმედების ფართო არეალს იძლეოდა. ახალ პროექტში ყველა საპოლიციო ფუნქცია დეტალურად რეგლამენტირებულია და პოლიციას ეცოდინება, რატომ აჩერებს პირს. ამ საპოლიციო ღონისძიებას ჩვენ დავარქვით "პირის გამოკითხვა". კანონპროექტით ჩანს რისთვის აჩერებს პოლიციელი მოქალაქეს, რატომ უნდა გამოკითხოს ის, ერთადერთი ეს ხდება იმისთვის, რომ მისი პიროვნება დაადგინოს. პროექტში ასევე გაწერილია პიროვნების დადგენის საფუძვლები. მაგალითად, თუ პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული მახასიათებლები. თუ მას ასეთი მახასიათებლები აქვს, პოლიციას დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაჩეროს და ჰკითხოს, ვინ არის და სთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასევე პოლიციას შეეძლება პირის შეჩერება და გამოკითხვა, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. იმისათვის, რომ "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის" ისეთივე აბსტრაქტული ცნება არ იყოს, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", ჩვენ ტერმინთა განმარტებაში განვსაზღვრეთ, რომ ეს ნიშნავს ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დასკვნის გასაკეთებლად, გარემოებათა გათვალისწინებით ობიექტურ დამკვირვებელს - მესამე პირს დააკმაყოფილებდა", - ამბობს ლევან იზორია.




