სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

ნულანდი: ჩვენ გვინდა, რომ ქართველები წინ იხედებოდნენ და არა უკან

cfnews13.com

11 ივლისს, აშშ-ის სენატში, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპასა და ევრაზიის საკითებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე ნომინირებულ ვიქტორია ნულანდს მოუსმინეს.

აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტმა ობამამ დიპლომატი ნულანდი მაისის მიწურულს წარადგინა. ნულანდი ბოლო პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი იყო.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა ნიუ ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა ვიქტორია ნულანდს საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. შეგახსენებთ, რომ ჯინ შაჰინი სენატის საერთაშორისო ურთიერობების კომიტეტის თავმჯდომარეა ევროპულ საკითხებში და ატლანტიკური საბჭოს საქართველოს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე.

"სენატორ რიშსა და მე გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით დამკვირვებლები გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მას შემდეგ შეშფოთებით ვადევნებ თვალს, თუ როგორ დაიჭირა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ რამდენიმე ის ადამიანი, რომლებიც მის ოპოზიციას წარმოადგენდნენ და მაღელვებს იმ ტიპის სიგნალი, რაც ასეთი ქმედებით იგზავნება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში დემოკრატიისკენ სვლის თვალსაზრისით. მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ შემიფასოთ, როგორ მიმდინარეობს, თქვენი აზრით, წინსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში და ჩვენ რა ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ვუბიძგოთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიისკენ სვლა?"

ევროპასა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე წარდგენილმა ნულანდმა სენატორს უპასუხა, რომ იგი იზიარებს მის შეშფოთებას.

"მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას. საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, გასული წლის არჩევნების ჩათვლით - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ენერგიული მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, მედიის მეტი თავისუფლება, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობა და განგრძობადობა საგარეო პოლიტიკაში; მაგრამ არავის სურს, საქართველოს უკუსვლა იხილოს. კარგად გვესმის, რომ ამ მთავრობამ არჩევნებში წარსული დანაშაულებების გამოსწორების დაპირებებით გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ მყარად გვჯერა კანონის უზენაესობის და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის შენიღბვის საშუალება. დაცული უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სათანადო პატივისცემა, რადგან მთელი მსოფლიო აკვირდება. და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ყველა ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ამრიგად, საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეკონომიკის მდგომარეობა მაღელვებს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები წინ იხედებოდნენ და არა უკან", - განაცხადა ნულანმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა აიდაჰოდან ჯიმ რიშმა ვიქტორია ნულანდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჰკითხა. მას აინტერესებდა, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში.

ნულანდის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დიპლომატმა განმარტა, რომ ამ მხრივ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მიერ ინიცირებულ ხალხთა დაახლოების პოლიტიკას, იმისთვის რომ აფხაზმა და ოსმა ხალხმა უკეთესად გაიგონ, რომ "საქართველოს შემადგენლობაში მათი მომავალი იქნება ნათელი".   

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში სენატორებმა შაჰინმა და რიშმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება მათ "შეშფოთებას აღრმავებს". აღნიშნული სენატორები იმ ხუთ სენატორს შორისაც იყვნენ, რომელთაც დეკემბრის დასაწყისში პრემიერმინისტრ ივანიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა "თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება".

საგულისხმოა, რომ ვიქტორია ნულანდის გარდა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე NATO-სა და ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლების თანამდებობებზე წარდგენილ დუგლას ლუტსა და დანიელ ბაერსაც მოუსმინეს. საქართველოს შესახებ კითხვები მათ მიმართაც დაისვა.  

კომენტარები