ფეხბურთი

გია ცეცაძე : ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით არ დავკმაყოფილდებით

24-დან 29 მაისის ჩათვლით, ბელგიაში 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ეტაპი გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნიდა, ჯგუფში გამოკვეთილ ფავორიტ ინგლისის ნაკრებთან, ასევე შოტლანდიისა და მასპინძელ ბელგიის გუნდებთან ერთად მოხვდა. ქართველმა 19-წლამდელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ევროპირველობა 20 ივლისს დაიწყება, იქამდე კი ტაბულა გია ცეცაძეს განვლილ ელიტრაუნდზე და სხვა საინტერესო საფეხბურთო თემებზე ესაუბრა.

საქმე ბოლომდე მიზანმიმართულად მივიყვანეთ და მადლობა ღმერთს, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. მონაწილე გუნდების შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას ვფლობდით, მათი თამაშის ფირები გავაანალიზეთ და ვიცოდით, თითოეული გუნდი რას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრები ფავორიტი იყო, შემდეგ შედარებით ძლიერი გუნდი იყო ბელგია, ხოლო ბოლოს შოტლანდია. ბელგიის ნაკრების სიძლიერეს ხაზი მხოლოდ იმიტომ არ გავუსვი, რომ ტურნირის მასპინძელი იყო – არა, მათი მწვრთნელი 25 წელია რაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობს და გუნდი შვიდჯერ გაიყვანა ევროპულ საფეხბურთო ფორუმებზე. მოკლედ, ძლიერ გუნდებთან კი გვქონდა საქმე, მაგრამ ჩვენ ბელგიაში პირველი ადგილის მოსაპოვებლად ჩავედით, გვინდოდა ევროპის ჩემპიონატის საგზური დაგვრჩენოდა და ასეც მოხდა.

მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ და თითოეულ მატჩზე ვისაუბროთ...

ინგლისთან შეხვედრა ჩვენთვის კარგად დაიწყო, რადგან მეტოქეს მატჩის დასაწყისში გაუძევეს მეკარე. შემდეგ გიორგი ფანცულაიამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და დავწინაურდით. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თუმცა ინგლისელებმა ინდივიდუალური შეცდომის ხარჯზე გაგვიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ნახევარში, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვან უპირატესობას ვფლობდით, უბრალოდ მომენტების გამოუყენებლობის გამო ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ინგლისის ნაკრებთან ფრე ძალიან კარგი შედეგია. შეხვედრის დაწყებამდე ელოდით ასეთ შედეგს?

Budu Zivzivadze and David Iboma
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ინგლისის ნაკრები შესწავლილი გვყავდა. ჩანაწერებზე გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდია, მაგრამ ვნახე მინუსები და ამ მინუსების ჩვენდა სასიკეთოდ გამოყენება იყო ჩემი მიზანი. დარწმუნებული ვარ, ქართველებს ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ნაკრებთან შეუძლიათ თანაბრად თამაში. ვიცოდი, რომ თუ ბიჭები ჩემს დავალებებს სწორად შეასრულებდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ფსიქოლოგიურ ფაქტორს გადალახავდნენ, წარმატების მიღწევა სავსებით რეალური იყო. საერთოდ, მუდმივად მეორე ნომრად თამაში არის დამღუპველი. ქართველმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა უნდა მოიშორონ მეორე ნომრის კომპლექსი, რადგან ჩვენ ნამდვილად არ ვართ მეორეხარისხოვანი ქვეყანა ფეხბურთში. რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნა, თუმცა ოდესმე ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და დაიწყოს წინსვლა. წარმატების საიდუმლოს რაც შეეხება, ფსიქოლოგიურ განწყობას სწორად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდიც უნდა დავუმატოთ.

შოტლანდიასთან თამაში თავიდან ისე კარგად დავიწყეთ, რომ პირველი 20-25 წუთის განმავლობაში, მეტოქე ცენტრის აქეთ არც გადმოსულა. შემდეგ თამაში გათანაბრდა, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან გუნდს ძალების დაზოგვა სჭირდება, რომ მთელი თამაში ჩავარდნის გარეშე ჩაატაროს. ამ ოდნავი მოდუნების მიუხედავად, 25-ე წუთზე გოლი გავიტანეთ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვარჯიშზე დაყენებული კომბინაციით მოხდა. მატჩის ვიდეოჩანაწერს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ შოტლანდიელებზე ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით და გამარჯვებას ნამდვილად უფრო ვიმსახურებდით. ამის შემდეგ იყო მსაჯობასთან დაკავშირებული ის არასასიამოვნო ეპიზოდი. არ მსურს ამაზე საუბარი, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი ინფორმაციით, ესპანელ მსაჯს შესაბამის დონეზე საკადრისი პასუხი გაეცა. არ ვიცი, ალბათ ეგონა, რომ საქართველო არასაფეხბურთო ქვეყანაა და ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა არ შეიძლება. თუმცა იმის თქმა, რომ მსაჯს შემთხვევით მოუვიდა ეს ყველაფერი, არის ზღაპარი, ის ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას მერეც, როდესაც რვა კაცით დავრჩით მოედანზე, ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა და 3-1 გავიმარჯვეთ.

Bachana Arabuli
ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა ტურნირზე ბოლო და გადამწყვეტი იყო. რაც მთავარია, მატჩისთვის თერთმეტი ფეხბურთელი დავაყენეთ, შოტლანდიასთან დაპირისპირებისას მომხდარის გამო კი სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მეკარის და ერთი მცველის ამარა ვიყავით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ თერთმეტ კაცში არ ყოფილა ისეთი მოთამაშე, ვინც სხვაზე სუსტი იყო. ზოგადად, ჩვენს განაცხადში თვრამეტივე ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელია და კონკურენცია მართლაც სერიოზულია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თანამედროვე ფეხბურთში განსაზღვრება „სკამის ფეხბურთელი" არ არსებობს. ვინც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გადის, უბრალოდ დაღლილი ფეხბურთელი კი არ უნდა დაასვენოს, გუნდის თამაში უნდა გააძლიეროს.

დასაწყისში ბელგიელები უპირატესობას ფლობდნენ, რაც ძირითადად სტანდარტულებში აისახა. შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და პირველი ტაიმის ბოლოს მომენტებიც გვქონდა. მეორე ტაიმში, ინგლისის ნაკრებთან თამაშის მსგავსად, აქაც ძირითადად ჩვენ ვფლობდით ბურთს. ჩვენმა ტაქტიკურმა მომზადებამ შედეგი გამოიღო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები რამდენჯერმე ერთი-ერთზე გავიდნენ ბელგიელთა მეკარესთან, გოლი ვერ გაჰქონდათ. ასეთი ანგარიში ჩვენ არ გვაწყობდა და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ერთი მცველი მოგვეხსნა, ხოლო მის მაგივრად სათადარიგო მეკარე ცენტრფორვარდად შეგვეყვანა. ამ დროს ისევ ინდივიდუალურმა ოსტატობამ იჩინა თავი და გიორგი ფანცულაიამ 40 მეტრიდან გაიტანა. გამოდის, რომ სადაც გუნდურმა ტაქტიკამ ვერ გაჭრა, იქ იმოქმედა ინდივიდუალიზმმა, რომლის გარეშე ქართული ფეხბურთი ნულის ტოლფასია. შედეგის მიღწევას, აუცილებლად ინდივიდუალისტი სჭირდება, განსაკუთრებით წინა ხაზში. შემდეგ იყო თერთმეტმეტრიანი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ უპირატესობას კვლავინდებურად ვფლობდით და ამ მომენტს ჩვენს თამაშზე არ უმოქმედია. ამის მერე გურამ სამუშიამ ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა და უკვე აშკარა იყო, რომ თამაში მოგებული გვქონდა.

ასეთ წარმატებას საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ყოველდღე არ აღწევენ, მაინც რა შემატეთ გუნდს ისეთი, რამაც ეს შედეგი მოიტანა?

Under-19 team celebrating victory
ღვთის წყალობაა ყველაზე მთავარი. რაც შეგვეხება ჩვენ, მოკვდავებს, უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური მხარე. თამაშის სტრატეგიის შესახებ არ დავწვრილმანდები, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი სქემა არის შემტევი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ბურთი ჩვენ არ გვაქვს, მთელი გუნდი თავს იცავს, ხოლო როდესაც ჩვენ გვაქვს, ყველა ვუტევთ. მკითხველს უკეთ რომ ავუხსნა, ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი თამაშობს რაც შეიძლება ახლოს მოწინააღმდეგის ნახევართან. თავდაცვა იწყება მაშინვე, როდესაც მეტოქის მეკარესა თუ ცენტრალურ მცველებს ბურთი აქვთ, რათა არ მივცეთ საშუალება, თავისი თამაში თავს მოგვახვიონ.

არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და იდეალურ გუნდთან გვაქვს საქმე, ეს არ იქნება სწორი – ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია, რომ ეს თაობა, მათზე ერთი-ორი წლით დიდები და პატარები, ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. ქართულ ფეხბურთში ძალიან კარგი თაობა მოდის და ვფიქრობ, რომ მათი სწორ სისტემაში მოქცევის შემთხვევაში, კარგ შედეგს მივიღებთ.

თქვენს ნაკრებში შერწყმულია ის ორი რამ, რასაც ასე შენატრიან ქართველი გულშემატკივრები და არის ის, რაც აკლია ეროვნულ ნაკრებს – ტრადიციული ქართული ინდივიდუალიზმიც იგრძნობა და შედეგიც არის. როგორ შეძელით ამის მიღწევა?

საერთოდ, ფეხბურთელის განვითარების ოთხი ფაზა არსებობს. ასაკის მიხედვით ასეა: 6-დან 9 წლამდე, 9-დან 12-მდე, 12-დან 16-მდე და 16-ის შემდეგ. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ამას მთელი ევროპა აღიარებს და მეცნიერების დონეზეა გამოკვლეული, თუ რა დროს რომელი თვისება ვითარდება. როდესაც ყველა ამ წესს თანმიმდევრულად დავიცავთ, მაშინ მივიღებთ კარგი გაგებით სრულფასოვან პროდუქტს. ვინც პატარაობისას ნიჭიერია, სწორედ იმ ფეხბურთელს სჭირდება ყველაზე მეტი ყურადღება. ნიჭს განვითარება უნდა, რადგან თუ ვინმე ბავშვობაში თერთმეტ კაცს ატყუებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვრამეტი წლის როდესაც გახდება, იმავეს მოახერხებს.

ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც მე და გიორგი დევდარიანი პატარა ასაკიდან მოყოლებული ვმუშაობთ, რამდენიმე ფეხბურთელია, ვინც გია გეგუჩაძესთან ქუთაისის ტორპედოში მუშაობდა. მოკლედ, ამ ბიჭებმა რომ შედეგს მიაღწიეს, ამაში მათი კლუბების დიდი დამსახურებაა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენთან ისეთი პირობები არ არის, როგორიც, მაგალითად, ჰოლანდიაში ან ბელგიაში. ვიმეორებ, ყველაფერი ნიჭით იწყება, თუმცა მისი სწორი გამოყენება და სხვადასხვა კომპონენტების სრულყოფაა აუცილებელი, ეს ყველაფერი კი ფინანსურ მხარდაჭერასაც მოითხოვს.

წინ ევროპის ჩემპიონატია. რა მიზანს უსახავთ ფეხბურთელებს ამ ტურნირზე? ევროპირველობაზე მოხვედრით დაკმაყოფილდებით თუ უფრო მეტის მიღწევის იმედი გაქვთ?

Belgium vs. Georgia, 0 - 2
ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობ, წინ გადავდგა ნაბიჯი და ასეა ჩემი გუნდიც. რადგან მოვახერხეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ახლა პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. ვფიქრობ, ეს სავსებით რეალურია, მით უმეტეს, რომ ჯგუფიდან უკვე არა ერთი, არამედ ორი გუნდი გადის. ეს ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს მეორე ნომრად თამაშს ვაპირებთ – არა, უბრალოდ ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ კი ნახევარფინალში გასვლის იმედი გვაქვს. როგორი დარწმუნებულიც ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში ვიყავი, ასევე ვარ იმაში, რომ ლიტვაში ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ.

როგორ შეაფასებთ ფედერაციის მუშაობას ასაკობრივ ნაკრებებთან მიმართებით? ბოლო დროს, ახალგაზრდულ დონეზე შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა. რა წვლილი მიუძღვის ამაში ფედერაციას?

ბოლო 3-4 წლის შედეგებს რომ გადავხედოთ, მგონი თვალნათლივ გამოჩნდება ყველაფერი. ასეა თუ ისე, ელიტრაუნდში მოხვედრა ისეთი მიუღწეველი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ევროპის ჩემპიონატსაც ნელ-ნელა მივეჩვიეთ. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიდგომა ასაკობრივ ნაკრებებთან მიმართებით არის კარგი. მე რაც ძალიან გამომადგა მას შემდეგ, რაც გუნდი ჩავიბარე, იყო ამხანაგური თამაშები. პოლონეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ, შემდეგ კი პორტუგალიაში ტურნირზე გავემგზავრეთ, სადაც ძალიან ბევრი რამ დავინახე. შემდეგ, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ სერბეთში და, მთლიანობაში, ეს ყველაფერი ანალიზში, განვითარებაში, კომბინაციურად გაწაფვასა და ფსიქოლოგიურად სწორად განწყობაში დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ იმ შედეგში, რაც ვაჩვენეთ, ფედერაციის წვლილი დიდია.

საინტერესოა თქვენი აზრი ეროვნულ ნაკრებზეც. თემურ ქეცბაიას გუნდმა ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია, ახლახან ჩვენი გუნდი ირლანდიასთან განადგურდა და დათმო მატჩი დანიაში, ადგილობრივ ნაკრებთან. ამას ისიც დავუმატოთ, რომ გუნდი შემტევ, ლამაზ ფეხბურთსაც ვერ აჩვენებს...

ეროვნული ნაკრები როგორ მუშაობს, არ ვიცი, რადგან შიგნით ჩახედული არ ვარ, გვერდიდან საუბარი კი ყოველთვის ადვილია. მესმის გულშემატკივრების, როდესაც შედეგს ითხოვენ – ეს ასეც უნდა იყოს, ნაკრების ფეხბურთელები ხომ მათთვის თამაშობენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწვრთნელო შტაბში არ ვარ და არ ვიცი შიდა სამზარეულოში რა ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია, ნაკრები უკეთესად თამაშობდეს. ის, რომ გუნდი ცუდად ასპარეზობს, არა მგონია თავად მწვრთნელებს მოსწონდეთ, ეს არავის უხარია. თუმცა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი ნაკრები აუცილებლად ეყოლება. ამას არ სჭირდება 10-20 წელი. რაც მთავარია, კარგი თაობა მოდის და, წესით, შედეგი უნდა იყოს.

7-8 წლის წინ ეროვნულ ნაკრებში ასე თუ ისე ძლიერ ევროპულ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, დღეს კი ასე აღარაა. ნაკრების ძირითად ბირთვს უკრაინის, რუსეთის და უფრო დაბალი დონის ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელები შეადგენენ. ამ ფონზე რამდენად სწორად მიგაჩნიათ, მაგალითად, ლევან კობიაშვილზე უარის თქმა? უნდა იზომებოდეს თუ არა ნაკრებისთვის ფეხბურთელის პროდუქტიულობა მისი ასაკით?

Giorgi Pantsulaia and Guram Samushia
ასაკით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იზომებოდეს. ბევრი ფეხბურთელი შეგვიძლია დავასახელოთ, ვინც ასაკშია, თუმცა მის თამაშზე ეს გავლენას არ ახდენს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. როდესაც მე 19-წლამდელთა ნაკრებში ახალგაზრდა ლუკა ზარანდია გამოვიძახე, ამაზე პასუხისმგებელი თავად ვიყავი. ლუკამ ჩემი იმედები გაამართლა, თუმცა ასე რომ არ მომხდარიყო, პასუხს მე მომთხოვდნენ, რადგან მის გამო, რამდენიმე ასაკით უფრო მომწიფებულ ფეხბურთელზე ვთქვი უარი. ასეა ეროვნული ნაკრების შემთხვევაშიც, მწვრთნელის გადასაწყვეტია. გუნდი ცხოვრების ნაწილია, ტელევიზორიდან სრულიად სხვანაირად ჩანს, მაგრამ შიგნით ძალიან რთული მექანიზმია. მწვრთნელობა არ არის მარტივი სამსახური, მის საქმეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა შედეგი როგორი იქნება, ამაზე პასუხისმგებელიც სწორედ ისაა.

ფეხბურთელებს რაც შეეხება, ის, რომ დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის მაგივრად რუსეთში მაღალ ხელფასზე სათამაშოდ მიდიან, არ არის სწორი. უნდა გვქონდეს ნორმალური დონის ეროვნული ჩემპიონატი, რომ ახალგაზრდა ბიჭებს იმხელა დაინტერესება მაინც ჰქონდეთ, სადღაც მიკარგული ქვეყნის უსახელო გუნდებში არ მიდიოდნენ. ფეხბურთელისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ინგლისის, ესპანეთისა და ასეთ ძლიერ ლიგებზე, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დანიაში თამაში ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში. დიდი იმედი მაქვს და მგონია, თაობას, რომელიც ახლა მოდის, ის პრობლემა არ ექნება, რომ მარტო მერსედესი იყიდონ და ფეხბურთის თამაშს ადრეულ ასაკში შეეშვან.

კომენტარები