სახალხო დამცველი

ნანუაშვილი: სერიოზული დარღვევებია მერიის მაღალჩინოსნების საქმეში

facebook.com/UchaNanuashvili

დღეს, 1 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევებია.

"პასუხი ჩემს კითხვებზე სამწუხაროდ არ არის. თუმცა, ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული ამ საქმეების შესწავლაში. ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას, რაც ამ საქმეს უკავშირდება და ძალიან მალე დეტალურ დასკვნას გამოვაქვეყნებთ. არის ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევები ამ საქმეში, რაც მოსამართლემაც აღნიშნა. მთავარია, მოხდეს ამ დარღვევებზე რეაგირების მოხდენა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფორმულირებული იყო კითხები საგამოძიებო უწყებების მიმართ.

"საქართველოს სახალხო დამცველი ლეგიტიმურად სვამს კითხვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მისამართით: რატომ არ მოხდა ზემოხსენებული პირების დაბარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; რატომ არ მოხდა შესაბამისი შეტყობინება საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით; რატომ არ განემარტათ მოწმის სტატუსი და შესაბამისი უფლება-მოვალეობები; რატომ მოხდა აღნიშნული პირების საგამოძიებო სამსახურში ხელბორკილების გამოყენებით გადაყვანა და თუკი არსებობდა მოწმეების იძულებით მიყვანის აუცილებლობა, გაცემული იყო თუ არა მოსამართლის შესაბამისი ბრძანებები", - აღნიშნული იყო 28 ივნისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე  დააკავა. მეხუთე ბრალდებული, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე, ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

30 ივნისს კი რუსთავის რაიონული სასამართლომ მათ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა.

კომენტარები