თბილისის მერი

უგულავა: საკრებულოს წევრების გადაბირება ევროპელებში შეშფოთებას იწვევს

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი ვითარება და ქართული ოცნების მიერ საკრებულოს წევრების გადაბირება, ევროპელ მეგობრებში შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ უგულავამ ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით გამართული კონფერენციის, "საით მიდის საქართველო?", შემდეგ განაცხადა. 

"ძირითადი აქცენტი გავაკეთე თვითმმართველობის პრობლემებზე. 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 67 მოქმედი თვითმმართველობიდან 45-ში მოხდა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით ცვლილება, საკრებულოს წევრების გადაბირება, რაც ბუნებრივ შეშფოთებას იწვევს ჩვენს ევროპელ მეგობრებში. ადგილობრივი თვითმმართველობა არის დემოკრატიის საფუძველი. დემოკრატიის ერთ-ერთი საზომია ის, რამდენად აქვს თვითმმართველობას საშუალება შეასრულოს თავისი ფუნქციები", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

უგულავას თქმით, ამ საკითხებს ვილნიუსის სამიტის წინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ყოველი ასეთი შემთხვევა უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. 

აღნიშნულ კონფერენციას უგულავასთან ერთად ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე.

 

კომენტარები