ტერორისტული აქტის მცდელობა

მიკაილ კადიევს რუსეთის ფედერაცია ეძებს

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო
telegrafist.org

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის ერთ-ერთი დაკავებული, მიკაილ კადიევი ინტერპოლის მიერ იძებნება.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. შსს-ს არ განუმარტავს, რატომ არ აკავებდნენ კადიროვს სხვა ქვეყნებში, როცა მას ინტერპოლი ეძებდა. 

"მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

პირს, სახელად მიკაილ გაშიმის ძე კადიევი, რუსეთის ფედერაცია ეძებს. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 1982 წლის 28 სექტემბერს დაბადებული, დაღესტნის ტარუმის რაიონის კაჩუბეის დასახლების მკვიდრი მიკაილ კადიევი, პროკურატურის გამოძიებას ემალება და ის ბრალდებულია მკვლელობის მცდელობაში.

Lenta.ru-ს ცნობით, კადიევი იმ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფში იყო, რომელმაც 2009 წლის 27 სექტემბერს, დაღესტნის ხასავიურტის რაიონის უფროსი, ალიმუსლტან ალხამატოვი მოკლა.

არსებობს ვერსიაც, რომ დაკავებული მიკაილ კადიევი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მიქაელ ქადოევად მოხსენიებული ის მოჯაჰედია, რომელიც საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შსს-მ აჭარაში გასული წლის ბოლოს დააკავა, თუმცა შემდეგ დაიკარგა. ეს ვერსია ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიასთან საუბარში გამოთქვა. მაშინ შსს-ს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა მიქაელ ქადოევის დაკავების ფაქტი უარყო. დღეს გიორგობიანი კითხვას, არის თუ არა მიქაელ ქადოევად მოხსენიებული პირი და დაკავებული მიკაილ კადიევი ერთი და იგივე პიროვნება, არ უპასუხა. ”რამდენადაც ვიცი, ეს ორი ერთი და იგივე პირია” - აცხადებს ტაბულასთან საუბარში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ დაკავებულ პირს რუსეთი ეძებს, პირის ექსტრადიცია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად აკრძალულია იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება, წამებასა და სიკვდილით დასჯას დაექვემდებაროს. საქართველოს წარსულშიაქვს კონვენციის დარღვევის გამოცდილება. ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლომ 2005 წლის 12 აპრილს გადაწყვეტილება გამოიტანა ცნობილ საქმეზე "შამაევი და 12 სხვა ჩეჩენი პატიმარი საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ". 2002 წელს, საქართველოს საზღვარი ჩეჩენთა ჯგუფმა გადმოკვეთა, რის გამოც ისინი დააკავეს და იმავე წელს რუსეთის ფედერაციას გადასცეს. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ ევროკონვენცია დაარღვია. ევროსასამართლომ უკანონოდ ცნო ჩეჩნების დაკავებისა და რუსეთში ექსტრადირების ფაქტი.

ამ საკითხზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი, შემდეგ კომენტარს აკეთებს: ”გადაცემაზეც შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ საერთაშორისო კონვენციები და ჩვენი კანონმდებლობაც ასე გადაცემას ერთბაშად კრძალავს. გამოძიება რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში უნდა წარიმართოს სიღრმისეულად, საფუძვლიანად და იმისათვის, რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს ამ პროცესს, აუცილებელია, რომ ეს უსაშველოდ გაჭიანურებული პროცესი ე.წ. ”ჯიჰადურ” ვიდეოებთან დაკავშირებით, იყოს სასწრაფოდ დასრულებული. ყველა სპეციალისტი აღიარებს, რომ ეს იყო საათების და არა უკვე ერთი კვირის საქმე,”.

 ტაბულა ასევე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულები ჯერ არ მოუნახულებიათ.

კომენტარები