არეულობა თურქეთში

ერდოღანი: საპროტესტო გამოსვლები „თურქული გაზაფხული“ არ არის

Reuters

თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაწყებული მასობრივი საპროტესტო ტალღა "თურქული გაზაფხული" არ არის და არეულობაში "ექსტრემისტულ ელემენტებს" და ოპოზიციას ადანაშაულებს.

"თავი რომ დავანებოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ პროტესტს გულუბრყვილო ემოციების  გამო შეუერთდა სოციალურ ქსელებში მოწოდებების შემდეგ, ექსტრემისტულმა ელემენტებმა ამ პროტესტის ორგანიზება მოახდინეს და, სამწუხაროდ, მას ხალხი შეუერთდა", - განაცხადა ერდოღანმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, "ის ადამიანები, ვინც ვერ დაგვამარცხა დემოკრატიულ არჩევნებზე, ახლა ჩვენს დამარცხებას ამ მეთოდებით ცდილობენ".

სტამბოლის ბეშიქტაშის უბანში 3 ივნისს ღამით მომხდარი შეტაკებები რამდენიმედღიანი არეულობის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი გახდა.   პოლიციასთან დაპირისპირებაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გარდა ამისა, ბევრი დემონსტრანტი ნაცემია. დაშავებულებს და მოწამლულებს დახმარებას ახლომდებარე მაღაზიებში და მეჩეთებში უწევდნენ. არეულობები ასევე გაგრძელდა დედაქალაქ ანკარაში და თურქეთის სხვა ქალაქებში, იზმირში მმართველი პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციამ 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

არეულობა სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე, პარკის ადგილას მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო. მოგვიანებით კი მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. დემონსტრანტები, რომლებსაც მხარდაჭერა სეკულარულმა პარტიებმა გამოუცხადეს, ერდოღანის პროისლამისტური მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები