იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება

თეა წულუკიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება. ამის შესახებ ჟურნალისტებს წულუკიანმა მიგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ გვექნება მკაფიო მიდგომა უცხოელებისადმი და მათი სამართლებრივი მდგომარეობისადმი, როდესაც ისინი შემოდიან და სხვადასხვა მიზნით რჩებიან საქართველოში. გადაიხედება ვიზების კატეგორიები, განახლდება, შეიცვლება და შინაარსობრივად ხელახლა იქნება გადააზრებული. გადაიხედება ლიბერალური სავიზო რეჟიმიც, რაც აქამდე ჰქონდა საქრათველოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კანონპროექტთა პაკეტი 12-მა სამინისტრომ შეიმუშავა.

მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნისადმი სხვადასხვა მიდგომა შეიძლება შეირჩეს. 

"საკანონმდებლო ჩარჩო იქნება უფრო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესზე მორგებული. იგი დაიცავს ასევე შრომის ბაზარს და როგორც უცხოელების, ასევე ქართველების სამეწარმეო საქმიანობას საქრათველოში", - აღნიშნა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის ცნიობით, აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი, საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება.

კომენტარები