ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი?!

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტაგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, შიდა ქართლში სოფელ დიცთან რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ გამყოფი ხაზის 200 მეტრით გადმოწევა, პირველ რიგში, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

 “ეს არის დარღვევა ყველა ნორმისა, რასაც რუსეთი ისედაც აკეთებდა 2008 წლიდან მოყოლებული. სამწუხაროდ, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რისი უფლებაც მას ჩვენ 2008 წლის აგვისტოში მივეცით. მიუღებელი და ცინიკურია, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ჩვენ გვამუნათებენ. რუსები იმყარებენ იმ პოზიციებს, რომლებიც დაიპყრეს და დაიკავეს, ანუ ოკუპაცია მოახდინეს. რა არის მათი მთავარი ამოცანა? ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათ მკაფიოდ იგრძნეს, რომ დაიწყო ქართულ–ოსური შერიგება. ამ ხაზებს ისინი ქართველების წინააღმდეგ კი არ აკეთებენ, პირველ რიგში, აკეთებენ ოსების წინააღმდეგ. რუსეთის წარმოდგენით ქართველები შეიძლებოდა 300–400 მეტრის სიღმრეში შესულიყვნენ ხილზე, ჯონჯოლზე, შეშაზე, ხოლო ოსები გადმოდიან თბილისში, გორში, ვაჭრობენ, მკურნალობენ, სწავლობენ. ანუ ოსებმა დაიწყეს ტოტალურად სიარული დანარჩენ საქართველოში, სწორედ ამის წინააღმდეგები არიან რუსები”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რაც გამყოფ ხაზებთან მოხდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და  პრაგმატული პოლიტიკის გამოცდა. მისი თქმით, “რუსეთს ცალსახად უნდა, რომ ემოციებში აგვიყოლიოს”.

  “300 მეტრით კი არ არის შემოსული რუსეთი, კილომეტრებიითაა შემოსული, თანაც 2008 წლის აგვისტოდან. ეს არის ოკუპაცია, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ 200–300 მეტრზე და თქვენ გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი, როცა სააკაშვილმა ახალგორიც კი გამოიყვანა?! გრძელდება აგრესია, ეს არ არის მცოცავი [ანექსია], ეს არის იმ პოზიციების დაკანონება, რუსეთის ხედვით, რაც მათ თავისად მიაჩნდათ. ანუ ისინი ხაზს ავლებენ იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ ტერიტორია დაიპყრეს. მათ მკაფიოდ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ჩართონ მოლაპარაკებებში იმის შესახებ თუ სად გადის საზღვარი. ჩვენთვის ეს ყოვლად დაუშვებელია. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არანაირი საზღვარი არ გადის. იქ მხოლოდ გამყოფი ხაზებია და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერთვებით იმ თამაშში, რასაც რუსეთი აწყობს. მათ შეიძლება 400 და 500 მეტრიც კი დაგვითმონ, ოღონდ საქართველოს ხელისუფლება ჩაითრიონ ამ მოლაპარაკებებში. იმ თამაშს გვთავაზობს რუსეთი, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუთებელია”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.  

 

 

 

კომენტარები