ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება.
"საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნის და შურისძიების მიმართულებით და დააპატიმრა ყოფილი პრემიერი და მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანო იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის და მძიმედ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ - დღეს არ დავესწრებით პლენარულ სხდომას და რაიონული ორგანიზაციების მხარდამჭერებთან ერთად 8 რეგიონში საოლქო პროკურატურებთან გაიმართება საპროტესტო აქციები ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას, რომ ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზაზე იაროს წინ და არა - უკან.
"ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, იქნება კანონიერი და მშვიდობიანი ფორმებით, თუმცა, ძალიან აქტიური. ჩვენი პოლიტიკური პარტია გააგრძელებს გარდაქმნას და ბრძოლას პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად", - აღნიშნა ბარამიძემ.





