საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

9 კაცით დარჩენილმა ქართველმა 19-წლამდელებმა შოტლანდიელი თანატოლები დაამარცხეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

ინგლისის ნაკრებთან ნათამაშები ფრის შემდეგ, 26 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და შეიძლება ითქვას, დრამატული გამოდგა. 

შეხვედრის დასაწყისში, ჯვაროსნები მეტოქის კარის მიმართულებით ხშირად ურტყამდნენ, ანგარიში კი 28-ე წუთზე გაიხსნა, ქართველი ახალგაზრდები ნიკა კაჭარავას გოლით დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი ასეთი ანგარიშით დასრულდა, თუმცა 43-ე წუთზე არბიტრმა დავით მთივლიშვილი გააზევა და ქართველები 10 კაცით დარჩნენ..

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც 53-ე წუთზე შოტლანდიელმა ფეხბურთელებმა თერთმეტ მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მარკ ბეკის დარტყმა ქართველთა მეკარე გაბრიელ თებიძემ მოიგერია და ანგარიში კვლავ ძალაში დარჩა. 

ოთხ წუთში მსაჯმა გია ცეცაძის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბაჩანა არაბულიც გააძევა და ქართველები მოედანზე 9 ფეხბურთელით შემორჩენ. ცეცაძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ფეხბურთელები არ გატყდნენ და ჯერ 66-ე, ხოლო შემდეგ კი 72-ე წუთზე აიღეს შოტლანდიელთა კარი. თავი ბუდუ ზივზივაძემ და ავთანდილ ენდელაძემ გამოიჩინეს. 75-ე წუთზე თებიძეს ფრეიზერმა გაუტანა, თუმცა ამ გოლს მხოლოდ პრესტიჟის მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა - 3:1 საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სასარგებლოდ.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ინგლისელებმა მასპინძელ ბელგიასთან ფრედ - 1:1 ითამაშეს. 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

29 მაისს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე, საქართველოს 19- წლამდელთა ნაკრები, მასპინძელ ბელგიის გუნდს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველები ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებენ, ხოლო თუ მატჩი ფრედ დასრულდა, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი ინგლისელები შოთლანდიელებს დიდი ანგარიშით ვერ მოუგებენ, ცეცაძის გუნდს ასეთი სცენარიც აწყობს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში მიღებული ბარათების გამო, ბაჩანა არაბული, დავით მთივლიშვილი, თემურ მარკოზაშვილი, ავთო ენდელაძე და ნიკა კაჭარავა დააკლდებიან.

კომენტარები