17 მაისის აქცია

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა კი არ უნდა ემიჯნებოდეს, არ უნდა უშვებდეს ძალადობას

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა 17 მაისის აქციის ძალადობრივ ჩაშლას. ”მთავრობა, იმას რაც ხდება, უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს, მთავრობა იმიტომ ყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობის ფონის მომატება საზოგადოებაში. არ დაუშვას ის, რომ გაურკვეველი ამნისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან. დავფიქრდეთ ასევე ამ ყველაფერის გლობალურ ასპექტებზე. საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო გამოწვევები. ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი აგრესორი აწარმოებს მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას.

ამ ყველაფრის ფონზე, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ წინა წლებში საქართველო მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, მშვიდ, პროგრესულ, სწრაფად განვითრებად, უსაფრთხო ქვეყნად - აი ამის ფონზე, ამ ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენ საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენ მტერს და წყალში გვიყრის მთელ იმ შრომას, რომელსაც ყველანი ერთად ვეწეოდით წინა წლებში, რომ საქართველო გაგვეცნო საუკეთესო კუთხით დანარჩენი სამყაროსთვის.

ეს არ შეიძლება, არ აღელვებდეს ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად იმისა როგორია მათი შეხედულებები. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ , მთვარობაც და ოპოზიციაც, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები, უნდა ყველა ერთად მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ყველანი ქართველები ვართ, ჩვენ ყველას გვინდა რომ ეს სამშობლო გაძლიერდეს, წინ წავიდეს და არა პირიქით უკან დაიხიოს და ისევ იმ ჭაობში ჩაეფლოს საიდანაც ძლივს ამოვიყვანეთ” - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა ეს საკითხი გადაწყდება კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების მეშვეობით და მხოლოდ დიალოგის გზით.

კომენტარები