საია

საია საქართველოს პრეზიდენტს უჩივის

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციას სარჩელი შეაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტს.
ორგანიზაციის მტკიცებით, 10 მაისს, თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, განაცხადა, რომ "ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად".
"ამ ფრაზის თქმით, იგი ზ. ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ის გარემოება, ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის დანაშაული, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. პრეზიდენტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ "ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად", გამოძიებით მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება.

ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ტიპის გამონათქვამები აღნიშნული საქმის გამომძიებლების მიერ შესაძლებელია გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმებოდეს", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან ერთად, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი გამონათქვამები გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. ორგანიზაცია სწორედ ვაზაგაშვილის მშობლების მიმართვის საფუძველზე შეიტანს სასამართლოში სარჩელს.

კომენტარები