პრესკონფერენცია

ივანიშვილი:ჟურნალისტები და ცალკეული პიროვნებები ვერ გადაწყვეტენ ვინ როდის გადადგეს

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება და ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"ელისო კილაძე და სხვებიც აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი გადადგეს, ან გია ხუხაშვილს რაღაც მიესაჯოს, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ჯერ არცერთი ბრალდება არაა წარმოდგენილი მათი მხრიდან და აჟიოტაჟი გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა. ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდა გელა ხვედელიძე, მის წინააღმდეგაც მათ არავითარი საბუთი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ის, როგორც ჩანს, სუსტი პიროვნება აღმოჩნდა და გამოიყენა მასალები, რომელიც მოპოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ და კანონის შესაბამისად დაისჯება კიდეც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, გუშინ ელისო კილაძის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები "რუსთავი ორმა დაამახინჯა". მისივე თქმით, ჟურნალისტები მარტო გამხმოვანებლები არ უნდა იყვნენ, როდესაც სხვის აზრს გადმოსცემენ, მათი თანამონაწილენი ხდებიან. 

"ჟურნალისტები და ცალკეული პიროვნებები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს და რატომ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"თქვენ, ჟურნალისტები, როდესაც სვამთ კითხვას, გადადგეს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი, რისთვის უნდა გადადგეს ის? არაა არავითარი საფუძველი. იმიტომ რომ ელისო კილაძეს სურს? თქვენ არ ხართ ფოსტალიონი, თქვენ ბრძანდებით ჟურნალისტი. ელისო კილაძე თუ იტყვის, უნდა გავათავისუფლოთ მთელი მთავრობა? ესაა ჩვენი ჟურნალისტიკა? ჭორაობის დონეზე არ მოიმართება სახელმწიფო. კეთილი ინებეთ და კარგად გაიაზრეთ, ჩვენ კარგი გაკვეთილები გვიტარდება დღეს. როდესაც შეკითხვას სვამთ, უნდა გაგაჩნდეს მისი საფუძველი. ახლა რომ თქვენ თქვათ, მეც უნდა გადავდგე თქვენი აზრით?", - მიმართა ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

ამ წუთებში პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ჟურნალისტებს ხვდება. 

 

კომენტარები