პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შრომის კოდექსის შესახებ ისაუბრა. ტაბულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმა განაცხადა, რომ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ და ბიზნესმენების შენიშვნებს ითვალისწინებენ.
კითხვაზე, შრომის კოდექსზე გიორგი მარგველაშვილის და თავად პრემიერის განსხვავებული პოზიციების არსებობა, ხომ არ მიუთითებს გუნდის არაკოორდინირებულობაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცესია.
"მე ვთვლი, რომ იუსტიციის სამინისტრომ შრომის კოდექსის ნორმალური კანონპროექტი შემოგვთავაზა, რაც მთავრობამ დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი და, შესაბამისად, კენჭისყრის დაყენების საშუალება არ იყო. მე ვთვლი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნორმალური, ევროპულთან ახლოს მდგარი შრომის კოდექსი შემოგვთავაზა და მთავრობამაც ეს დაამტკიცა. ჩემი აზრით, მას აკლდა ერთი რამ, არ იყო სათანადოდ შეჯერებული ბიზნესმენებთან. შესაბამისად, ამას მოჰყვა რეაქცია ოპონენტებისგან, ბიზნესმენებისგან, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატიდანაც. რის შემდეგაც მიმდინარეობს შრომის კოდექსის კორექტირება, რომ დამქირავებლის და დაქირავებულის უფლებები ერთნაირად იყოს დაცული. თუმცა მეც მარგველაშვილის იმ პოზიციას ვიზიარებ, რომ ბიზნესს მეტი უნდა დავუთმოთ, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და სამუშაო ადგილების შექმნისას ინვესტორები შრომის კოდექსსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, მიდის მუშაობა და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. სპეციალისტები მუშაობენ, ბიზნესმენების შენიშვნები გაითვალისწინეს მაქსიმალურად და მეორე მოსმენაზე ამას ყველაფერს უფრო დახვეწილს მიაწვდიან საზოგადოებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი საკითხთან დაკავშირებით კორექტული იყო და თავისი აზრი სტუდენტებთან საუბრისას გამოთქვა, რაც შემდეგ "ვიღაცამ გამოუქვეყნა". რაც შეეხება პრემიერის პირად მოსაზრებას, რომელიც მარგველაშვილის მოსაზრებას ემთხვევა, ივანიშვილის თქმით, ეს ნორმალური პროცესია.
"მე ვერ დავხარჯავდი ძალიან ბევრ დროს შრომის კოდექსის დამუშავებაზე, თანაც მე არ ვარ პროფესიონალი იურისტი. მოხდა რეაგირება, ამერიკის სავაჭრო პალატიდანაც იყო რეაქცია, ამ რეაქციაზეც გავაკეთეთ მეორადი რეაგირებება და ეს იყო ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა, უსამართლო იყო წინა შრომის კოდექსი და აბსოლუტურად არ იცავდა დასაქმებულებს, მაგრამ ეხლა რომ მათ ზედმეტი უფლებები მივცეთ, და ეს უფლებები შევუზღუდოთ დამსაქმებლებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, შეიძლება მივიღოთ უსამართლობა და არ იყოს სამუშაო ადგილები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ვიცეპრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის ახალი კოდექსის პროექტი გააკრიტიკა.
"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე, ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც ჯიპას ლაივსტრიმით გადაიცემოდა.
მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის განცხადებას შრომის კოდექსზე მთლიანად იზიარებს.