ფეხბურთი

აბაიომი ოვონიკოკო თავს ქართველად თვლის და ნაკრებში თამაში სურს

Reuters

გამარჯობა! – ქართულად მომესალმა ნიგერიელი იომი ოვონიკოკო, როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად უკრაინაში დავუკავშირდი. თავს ქართველად ვგრძნობო, ამბობს აბაიომი ოვონიკოკო სეუნი (ასე ჟღერს მისი სრული სახელი და გვარი) და ამაყად იყურება კამერაში. საქართველოზე როდესაც საუბრობს, თვალები უცრემლიანდება და თბილ სიტყვებს არ იშურებს, როგორც თავად უწოდებს, საკუთარი სახლის მიმართ.

ოვონიკოკო საქართველოში 17 წლის ასაკში, საფეხბურთო კლუბ გაგრას მოწვევით ჩამოვიდა. სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო აღმოჩენილი თავიდან სულ ტიროდა და მის დასამშვიდებლად რას არ ვაკეთებდითო – იხსენებს ს.კ გაგრას პრესატაშე მიშა აფხაზავა, რომელსაც იომი მეორე მამას უწოდებს. პატარა ოვონიკოკო გაგრას და შემდგომში ზესტაფონის ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, მესვეურებმა და გულშემატკივრებმა თბილად მიიღეს და სწორედ ამიტომაა, საქართველოს ხსენებაზე ხმა რომ უკანკალებს.

გაგრაში ოვონიკოკომ 2010-11 წლების სეზონში 31 თამაშში 18 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისმა გოლებმა გადაწყვიტა თბილისის დინამოსთან და ვიტ-ჯორჯიასთან თასის გათამაშების მეოთხედ- და ნახევარფინალური დაპირისპირებების ბედი. იომიმ გაგრასთან ერთად საქართველოს თასი ასწია და მალე საქართველოს ჩემპიონ ზესტაფონს მიაშურა. ახალ გუნდში იომი ძირითადად ტრავმირებული იყო, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სელექციონერებს მისი ნიჭი არ გამოჰპარვიათ, უკრაინელებმა ყველაზე მეტად იაქტიურეს და გასული წლის სექტემბრიდან ფეხბურთელი უკვე ლუცკის ვოლინის ღირსებას იცავს.

2012 წლის 9 თებერვალი ოვონიკოკოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია – ამ დღეს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მანამდეც იყო, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა საუბრები ოვონიკოკოს საქართველოს ნაკრებში მოწვევის შესახებ. ეროვნულ გუნდს რომ თავი დავანებოთ, იომი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას ნამდვილად იმსახურებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ბოლო დროს იყო საუბარი, რომ U21-ის მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ოვონიკოკოს დაძახებას ფიქრობდა, თუმცა როდესაც კომენტარისთვის დავუკავშირდით, უარი გვითხრა. მიზეზი შემდეგია: როგორც აღმოჩნდა, ფიფას ახალი წესებით, ნაკრებში თამაშის მსურველ ფეხბურთელს, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება, ქვეყანაში 5 წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები. სამწუხაროდ, იომი საქართველოში მხოლოდ 2009 წელს ჩამოვიდა და ისიც მაშინ, როდესაც 18 წლის ჯერ არც იყო.


ფოტო: Reuters
თუმცა ყველაფერი ასე უიმედოდ არ არის. როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ფიფა ასეთ სიტუაციებს ხშირად ინდივიდუალურადაც განიხილავს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ოვონიკოკოს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი სუფთაა (არადა, ფიფამ ეს კანონი მას მერე მიიღო, რაც ტოგოს ფეხბურთის ფედერაციამ 6 ბრაზილიელი ჩამოიყვანა, მოქალაქეობა მისცა და ქვეყნის ნაკრებში აფრიკის თასზე ათამაშა), იმის იმედი, რომ იომი ოვონიკოკოს ჯვაროსნების ფორმით ვიხილავთ, არის. თუმცა ამისთვის ქართული მხარის მონდომებაა საჭირო. და რაც ყველაზე მთავარია, ოვონიკოკოს კარგი თამაში, რაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე არაერთხელ გვინახავს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს ვერცხლისწყალივით მოძრავი და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი ახლა უკრაინაშია და ვოლინში თამაშობს, სხვათა შორის, არა როგორც ნიგერიის, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე...
იომი ოვონიკოკოს უკრაინაში დავუკავშირდი და მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ვესაუბრე:

საქართველოში ჩამოსვლამდე

ნიგერიაში სკოლაში ვსწავლობდი და თან ფეხბურთს ვთამაშობდი. ერთხელ სკაუტმა მნახა, მერე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი თამაშის ვიდეოს გააკეთებდა, რათა ქვეყნის გარეთ სხვა აგენტებისთვის ენახებინა. სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არ დავინტერესებულვარ, არ მჯეროდა, რომ ამისგან რამე გამოვიდოდა. მცირე ხანში ეს ადამიანი კვლავ შემეხმიანა და მითხრა, რომ იყო დაინტერესება რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც, კონკრეტულად კი ს.კ გაგრადან. ამ კაცმა მირჩია საქართველოში წამოვსულიყავი, რადგან კარგი მწვრთნელი და განვითარების დიდი საშუალება იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი, დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მშობლებს ვკითხე რჩევა და წამოვედი საქართველოში.

სანამ ჩამოვიდოდი, ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. მენეჯერს გავესაუბრე და მან უამრავი კარგი რამ მიამბო. საბოლოოდ, როდესაც ჩამოვედი, ყველაფერი, რაც მან მითხრა, სიმართლე აღმოჩნდა.

საქართველოში გატარებულ პერიოდზე

აქ ჩამოსვლისას პატარა და გამოუცდელი ვიყავი, გაგრაში ეს იცოდნენ და პრესატაშე მიშა აფხაზავა მომამაგრეს. მიშა მუდამ ჩემ გვერდით იყო, მე მას მაშინაც და ახლაც მეორე მამას ვუწოდებ. ისევე, როგორც ჩემს მშობლებს ვესაუბრები ნიგერიაში ყოველდღე, ასევე მიშასაც, რჩევებს ვიღებ მისგან. მოკლედ, როგორც აღვნიშნე, მამასავით მყავს.

გაგრა ჩემთვის ოჯახივითაა, ეს ხალხი არ მიყურებდა, როგორც შორეული ქვეყნიდან ჩამოსულს, მათ მე მიმიღეს როგორც ოჯახის წევრი. შემდეგ იყო ზესტაფონი და ვთვლი, რომ იქ ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ძალიან მინდა, ერთ დღეს შევძლო და მათ სამაგიერო გადავუხადო იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა ზესტაფონში გამიჭირდა, რადგან იქ ტრავმიანი მივედი. სამწვრთნელო შტაბის წევრები და პრეზიდენტი შესანიშნავი ადამიანები არიან, მათი ძალიან მადლიერი ვარ.

უცხოეთიდან მოწვევებზე

როდესაც გაგრაში ვთამაშობდი, ვიგებდი, რომ ბევრ კლუბს სურდა ჩემი დამატება. იყო ორი გუნდი ბელგიიდან – ლოკერენი და გენკი, ასევე მიწვევდა ფრანგული რენი. ეს არ ყოფილა ერთჯერადი მოწვევა, ისინი რამდენჯერმე ცდილობდნენ ჩემს გადაბირებას, მაგრამ სავიზო პრობლემები შემექმნა. საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ პრობლემა მოხსნა და როდესაც უკვე უნდა წავსულიყავი, ტრავმა მივიღე. შემდეგ რაღაც პერიოდი გამიცდა, მერე იყო ზესტაფონი და ახლა ვოლინში ვარ, თუმცა საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას. აგენტმა მითხრა, რომ კლუბები კვლავ დაინტერესებულები არიან და სეზონის ბოლოს გადავწყვეტთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.

საქართველოში მომეცა საშუალება, პროფესიონალური ფეხბურთი მეთამაშა და დამემტკიცებინა, თუ რა შემიძლია. ვიცი, რომ ნიგერიაში ამას ვერ შევძლებდი.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე

საქართველოში მომეცა საშუალება, პროფესიონალური ფეხბურთი მეთამაშა და დამემტკიცებინა, თუ რა შემიძლია. ვიცი, რომ ნიგერიაში ამას ვერ შევძლებდი. როდესაც ტრავმა მქონდა და მიჭირდა, ქართველები მხარში დამიდგნენ, არ მიმატოვეს, მამხნევებდნენ და ღმერთს მადლობა, რომ მათი წყალობით ახლა კარგად ვარ და ვთამაშობ. აქედან გამომდინარე, რომ მქონდეს საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა, აუცილებლად ვითამაშებდი. ქართველებმა მე სიყვარული დამანახეს და ეს მცირედია, რითიც შემიძლია ამაგი დავუფასო. მე ნიგერიელი ვარ, მაგრამ ზუსტად იმავენაირად ვთვლი თავს ქართველად.

მშობლების რეაქცია, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზე

როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მივიღე, მამამ მითხრა, რომ ცხოვრებაში არაფერი ასე უბრალოდ არ ხდება. თუ ჩემთვის ყველაფერი ასე აეწყო, იქამდე მოვედი, რომ ახლა საქართველოს მოქალაქე ვარ, რატომ არ უნდა ვითამაშო ამ ქვეყნის სახელით? ასე რომ, მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ.

სკეპტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ ოვონიკოკოს ნაკრების სახელით გამოსვლა უკეთეს გუნდში გადასასვლელად სჭირდება. რა კომენტარს გააკეთებდით ასეთ მოსაზრებაზე?

არა, ასე არაა. მე ახლა უკრაინულ პრემიერლიგაში ვთამაშობ და როგორც აღვნიშნე, უკვე მაქვს შემოთავაზებები, რომ უკეთეს გუნდში ვითამაშო – ამ ყველაფერს ისე მივაღწიე, რომ ეროვნულ ნაკრებში ერთხელაც არ მითამაშია. აქ უამრავი კარგი ფეხბურთელია კარგ გუნდებში, რომლებსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ უთამაშიათ, მაგრამ ძალიან დაფასებულები არიან. მე საქართველოს სახელით თამაში იმიტომ მინდა, რომ ქართველ ხალხს სიკეთისთვის ჩემი თამაშით გადავუხადო მადლობა, სულ ესაა...

ვოლინი

ვოლინში შესვენებისას 9 მატჩში ვითამაშე, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ შეცვლაზე. გოლის გატანა ჩემპიონატშიც მოვახერხე და ერთხელ თასზეც შევაგდე. სხვათა შორის, თასზე 87-ე წუთზე გავიტანე და ჩემი გოლის წყალობით შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, შემდეგ კი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მოსამზადებელ ეტაპზე ათჯერ ვითამაშე და 3 გოლი გავიტანე. ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და სამწუხაროა, რომ მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და მომავალს იმედიანად ვუყურებ. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი ჩემით კმაყოფილია და ვფიქრობ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

ნიგერიაში იციან ვინ არის ოვონიკოკო?

ნიგერიაში არის ასეთი სპორტული ჟურნალი – Complete Sports, სადაც უკანასკნელი 2-3 კვირაა ჩემს გვარს ხშირად ახსენებენ. მათ გაიგეს, რომ უკრაინაში ვთამაშობ, ესაუბრნენ ჩემს მწვრთნელს და ჩემ შესახებ პატარა სტატია გააკეთეს. მოკლედ, ნიგერიაში ოვონიკოკოს იცნობენ.

ნიგერიის ნაკრებზე

ნიგერიის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტება სურს. მენეჯერმა, რომელმაც მე გაგრაში წამომიყვანა, მითხრა, რომ პრესა ქვეყნის გარეთ მოასპარეზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს განიხილავს და არსებობს სიები, სადაც ჩემი გვარიც არის მოხსენიებული.

არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოთ ნიგერიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელში ითამაშებდით?

გულწრფელად გიპასუხებთ. მე ნიგერიელი ვარ, მაგრამ ჩემს ქვეყანას ჩემთვის არანაირი შანსი არ მოუცია, რომ დამემტკიცებინა, თუ რა შემიძლია, საქართველომ კი ამის საშუალება მომცა. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, წარმომავლობის გამო ნიგერიას ავირჩევდი, მაგრამ იმ სიყვარულის გამო, რაც საქართველომ მაჩუქა, ახლავე გავემგზავრებოდი შეკრებაზე.

სად აპირებთ მომავალში ცხოვრებას?

საქართველო ჩემი სახლია. ფინანსურად თუ შევძლებ, აუცილებლად მინდა, რომ საკუთარი ბინა შევიძინო. ეს ულამაზესი ქვეყანაა. არ გეგონოთ, თბილისის გარეთ არ გავსულვარ და ისე ვსაუბრობ. მომწონს შავიზღვისპირეთი, ბათუმი, ურეკი, თბილისს კი ძალიან შევეჩვიე. აუცილებლად განვიხილავ იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში საქართველოში ვიცხოვრო.

 

კომენტარები