უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ორი რეკომენდაციის პროექტი განიხილეს

სახელმწიფო კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელშიც პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავრობისადმი მომზადებული ორი რეკომენდაციის პროექტი განიხილეს. 

"პირველი შეეხებოდა სოციალური რეკლამის სტატუსით გარკვეული სამთავრობო რეკლამის განთავსების შეჩერებას წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ტიპის რეკლამები უშუალოდ მთავრობასთან და ქართულ ოცნებასთან ასოცირდება. მეორე კი - სოფლის მეურნეობის პროგრამის განხორციელების პროცესში ქართული ოცნების აქტივისტების მონაწილეობის აკრძალვას. ასეთი ფაქტი კონკრეტულად სამტრედიაში დაფიქსირდა და მათ ჩვენ ვაფასებთ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", - განაცხადა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის იმ წევრებმა, რომლებიც მთავრობას წარმოადგენდნენ, ერთდღიანი ვადა ითხოვეს. რაც შეეხება სოციალური რეკლამის აკრძალვის რეკომენდაციას, მზადყოფნა გამოთქვეს, ის მხოლოდ შუალედურ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში შეაჩერონ, რასაც თავად კინწურაშვილი არასაკმარისად მიიჩნევს და თვლის, რომ ’’გარკვეული ტიპის სოციალური რეკლამა უნდა აიკრძალოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო პერიოდის განმავლობაშიც’’. 

კომენტარები