საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წარმომადგენლის თომას ჰამერბერგის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც ადამიანის უფლებების დარღვევა დაუშვა და ამას საერთაშორისო სასამართლოები იკვლევენ. მისი თქმით, სასამართლოები ვერ გამოიკვლევენ თუ ვინ დაიწყო ომი, რადგან ეს მათი პრეროგატივა არ არის და ამის შესახებ ტალიავინის კომისიამ უკვე გამოაქვეყნა ანგარიში. ჰამერბერგმა დამსწრეებს ტალიავინის კომისიის კიდევ ერთხელ წაკითხვა ურჩია. აღნიშნული განცხადება ჰამერბერგმა პრესკონფერენციაზე, აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას გააკეთა.
"საერთაშორისო სასამართლოები აგვისტოს ომს ადამინის უფლებების დარღვევის კონტექსტში იძიებენ და არა იმას ვინ და როგორ დაიწყო ომი. ეს მათი მანდატი არ არის. ორივე მხარემ დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევა ომის დროს და კარგია თუ ეს შესწავლილი იქნება. თუ ვინ დაიწყო ომი ეს ტალიავინის კომისიამ უკვე შეისწავლა, ჩემი რეკომენდაციაა კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ეს დასკვნა," განაცხადა ჰამერბერგმა.
ჰამერბერგმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სასამართლოების შესახებ კანონი საგრძნობად გაუმჯობესებულია და ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველო აგვისტოს ომს გამოიძიებდა. მისი თქმით, არსებობს ნიშნები, რომ სხვადასხვა პირებმა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინეს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიძიოს ეს დანაშაულები და საქმე საერთაშორისო ტრიბუნალს არ გადაეცეს. წულუკიანის თქმით, გამოძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხება. პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. მისი თქმით, ის არ ითანამშრომლებს ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან.





