ადამიანის უფლებები

ღარიბაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია

ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, აუცილებელია ყველა ჯგუფის და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სრულად ასახავდეს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში. 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნებოდა და განსაზღვრავდა საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, "კარგი მმართველობის" განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, მთავრობა მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის.

წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

კომენტარები