მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: დღემდე არ ყოფილა პროკურორი, ვისაც არ ჰქონია სამართლის ბაკალავრის, ან მაგისტრის დიპლომი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ ყოფილა ისეთი პროკურორი, ვისაც არ ჰქონია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, ან მაგისტრატურის დიპლომი. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა.

პროკურორობის უფლება არ ექნებათ ქართული სასწავლებლების საჯარო ადმინისტრირების მაგისტრებსაც. იგივე უწყებები ტაბულას პასუხად მიუთითებენ მოთხოვნებზე, რომელიც წაეყენება პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნ პირს და განსაზღვრულია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ პროკურორი გახდეს, პირს მოეთხოვება ჰქოდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობდეს სამართალწარმოების ენას, გავლილი ჰქონდეს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში (ან იურისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება) და ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის, სისხლის სამართალში.

ეს საკითხები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც ამავდროულად პროკურორიცაა, არ მიუღია უმაღლესი იურიდიული განათლება- არ აქვს დასრულებული იურიდიულის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ან სხვა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მან განათლება ფრანგულ სასწავლებელ ENA-ში მიიღო, სადაც მას საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა (MPA).

მართალია, კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკთა გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან იუსტიციის მინისტრს ათავისუფლებს, თუმცა, თანამდებობა მოითხოვს სისხლის სამართლის ცოდნას და ამ ცოდნის ფორმალურ დადასტურებას. აღსანიშნავია, რომ ENA სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს არ ამზადებს.

საფრანგეთში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სასამართლოები გამიჯნულია და თეა წულუკიანის ანალოგიური დიპლომის მქონე პირი, სისხლისამართლებრივ დევნას ვერ განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გენერალი გიგი კალანდაძე პირადად დააკავა. ENA-ს კურსდამთავრებულებს ადმინისტრაციულ და საფინანსო დავებზე შეუძლიათ ადმინისტრაციულ სასამართლოში სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენა.

ტაბულამ იუსტიციის სამნისტროსა და მთავარ პროკურატურისგან საჯარო ინფორმაცია 6 და 11 მარტს გამოითხოვა.

კომენტარები