საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი, ბოლო კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ცვლილებებზე ხელის მოწერის და გამოქვეყნებისთანავე, პარლამენტი მზად იქნება მის მოსასმენად.
"სიმბოლურია, რომ დღეს 25 მარტია. ზუსტად სამი თვის წინ, 25 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლიდან გამოსვლისას ამის თაობაზე გარკვეული საუბრები გამართა და მას შემდგომ პროცესი დაიწყო. მინდა, ეს მოვლენა პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას და მის მიერ არჩეულ პარლამენტს მივულოცო, რომელიც ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება ხალხის ნების ექსკლუზიური აღმსარულებელი, გამომხატველი იმ საკითხში, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ამ პროცესმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ არა უშავს, სჯობს, პოლიტიკურ ძალებს შორის ეს ვნებათაღელვა იყოს ამ დარბაზში, სხვა დარბაზებში და შემდეგომ ხალხისათვის სწორი გადაწყვეტილების მიღება მოვახერხოთ. მგონია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას წაადგება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონტიტუციო ცვლილებები დღეს, საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღო.




