საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებების არსებულ რედაქციას მხარს არ უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის არსებულ ვარიანტს მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტი ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებების არსებულ რედაქციას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ, პრეზიდენტის მრჩეველმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლო მთავრობის კონტროლს დაექვემდებაროს. 

"კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობიალია და იგი ეთანხმება ამ ცვლილებას, ხოლო რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დღეს, გადამწყვეტ ეტაპზე  დააკარგვინებს შანს წარმატება იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს დააკარგვინებს შანს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების. მოგეხენებათ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი მკაცრად გააკრიტიკეს, ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტი რეფორმა და პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად რიგ გარეშე დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი ვერ დაუჭერს მხარს", – განაცხადა ნინო კალანდაძემ.  

შეგახსენებთ, 25 მარტისთვის პარლამენტის რიგ გარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა. რიგ გარეშე სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხები, საკონსტიტუციო ცვლილებები და საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტია. 

 

კომენტარები